მენიუ

Monday, March 14, 2011

ტიპი მეზობელი საფლავიდან

კატარინა მასეტი თანამედროვე შვედი მწერალი ქალია. კატერინა 1944 წელს დაიბადა სტოკჰოლმში. გაიზარდა შვედეთის სამხრეთ საპორტო ქალაქ კარლსკრუნეში. მუშაობდა ჟურნალისტად, მასწავლებლად, რადიოპროდიუსერად და რეპორტიორად. 20 წლის განმავლობაში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა შვედეთის ჩრდილოეთით პატარა ფერმაში.



კატარინა მასეტის პირველი რომანი ”ტიპი მეზობელი საფლავიდან” (Benny & Shrimp) ბესტსელერად იქცა და მხოლოდ შვედურ ენაზე 450000 ეგზემპლარი გაიყიდა.




”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კატარინა მასეტის წიგნი ახალი გარეკანით გამოსცა, რომელიც თვალშისაცემი და ლამაზია. საინტერესოდ ჟღერს ანოტაციაც, რომელსაც უკანა გვერდზე ვკითხულობთ.

”ტიპი მეზობელი საფლავიდან”
ავტორი: კატარინა მასეტი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მთარგმნელი: დავით გაბუნია
ყდა: რბილი
ფასი: 6.65

”ინტელექტუალი ქვრივი და ვულგარული ფერმერი პირველად სასაფლაოზე ხვდებიან ერთმანეთს. ქალი ქმარს გლოვობს, მამაკაცი კი მშობლებს ჭირისუფლობს. ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნიან, ერთმანეთისგან ინტელექტი და მისწრაფებები აშორებთ, ხოლო აერთიანებთ მთავარი - ვნება. მათი ურთიერთობა თანდათან დრამატულ ხასიათს იღებს. რა არის გადამწყვეტი ქალისა და მამაკაცის ურთიეთობაში და რამდენად მყარია ვნებაზე დაფუძნებული სიყვარული?
თანამედროვე შვედი მწერალი ქალის, კატარინა მასეტის, რომანი "ტიპი მეზობელი საფლავიდან" ადამიანთა ურთიერთობებზე გვიამბობს.”



დეზირე ქლაქში ცხოვრობს, ბიბლიოთეკაში მუშაობს, შოპენჰაუერს კითხულობს და ოპერაში დადის. ბენი ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს და მშობლების მიერ დატოვებულ ფერმას უვლის. დეზირეს წიგნებით გამოტენილი ბინისგან განსხვავებით, მის სახლში მხოლოდ ფერმერთა კავშირის ჟურნალებს, ან საშუალო სკოლიდან შემორჩენილ სახელმძღვანელოებს თუ გადააწყდება ადამიანი. რაციონალურად მათი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ბენის კარგად ესმის, რომ სჭირდება ქალი, რომელიც სახლს მიუხედავს, საჭმელს გაუკეთებს და ძროხების მოვლაშიც დაეხმარება. დეზირესთვისაც ცხადია, რომ ვერასდროს შეძლებს სამსახურზე უარის თქმას, გუფთების კეთებას და ბენის ოთახში დაკიდებული სამეჯლისო კაბის მსგავსი ფარდების მოწონებას. ერთ მხარეს ცხოვრების სტილი, გემოვნება და შეხედულებებია, მეორე მხარეს კი ის მიზიდულობა, რომელიც ბენს და დეზირეს ერთმანეთის მიმართ აქვთ. წიგნიც სწორედ იმის შესახებაა, თუ რამდენის დათმობა შეიძლება ამ მიზიდულობის გამო და საერთოდ აქვს თუ არა აზრი რაიმეს დათმობას.
წიგნი პირველ პირშია დაწერილი და ერთმანეთს ენაცვლება დეზირეს და ბენის შთაბეჭდილებები. ეს მკითხველს საშუალებას აძლევს, რომ ამბავს ერთი მხრიდან კი არ შეხედოს, არამედ ორივე პერსპექტივიდან დაინახოს და საკუთარი შეფასებებიც იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ ფინალი არც თუ ისე შთამბეჭდავია, მთლიანობაში სასიამოვნოდ წასაკითხი რომანია. მათ ვისაც უფრო მეტი სურთ გაიგონ იმაზე, თუ რატომ დაწერა ავტორმა ეს წიგნი, შეუძლიათ ეს ლინკი ნახონ http://www.katarinamazetti.com/inenglish002.html
თუ წიგნის შეძენის სურვილი გაგიჩნდათ, ”ლიგამუსში” შემოიარეთ!!!

2 comments:

  1. ძალიან საინტერესო ჩანს! აუცილებლად შევიძენ და წავიკითხავ:)

    ReplyDelete
  2. წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით მომეწონა საინტერესო და ადვილი წასასკაითხია
    ბოლოში ფურცლები რომ ცოტვდებოდა გული მეწურებოდა არ მინდოდა დასრულებულიყო ,
    გირჩევთ წაიკითხოთ იხალისებთ

    ReplyDelete