მენიუ

Monday, March 21, 2011

”კავკასიონის” ხელახალი გამოცემა



”კავკასიონი” I ნაწილი = I,II ნომრები
”კავკასიონი” II ნაწილი = III,IV ნომრები
1924 წლის ნომრების ხელახალი გამოცემა
იდეის ავტორები: ზურაბ კიკნაძე და ზაზა კვერცხიშვილი.
კომპლექტის ფასი: 37.45

”სიესტასა” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ჟურნალ ”კავკასიონის” რეპრინტი.
”დღევანდელი გადმოსახედიდან, ჟურნალი "კავკასიონი", როგორც მთლიანობა, რომელიც მის მესვეურთა და, უწინარეს ყოვლისა, მისი რედაქტორის პავლე ინგოროყვას ინტერესებითა და შრომისმოყვარეობით არის შედუღაბებული, წარმოგვიდგება ჩვენი კულტურის ერთი ეტაპის დამაგვირგვინებელ მოვლენად და, ამავდროულად, ახალი ეტაპის დასაწყისად. ჟურნალის უჩვეულოდ ფართე, ყოვლისმომცველი დიაპაზონი იმ დროისათ­ვის სრულიად ახალი იყო და არც შემდგომ განმეორებულა – "კავკასიონმა", როგორც საზოგადოებრივმა წამოწყებამ, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ვერ იხარა. მას შემდეგ აღმოცენებული მხატვრული თუ სამეცნიერო ჟურნალები ოდნავადაც ვერ მიუახლოვდა ამ რეპრესირებულ ეტალონს.

"კავკასიონმა", რომლის ნომრები ათწლეულების განმავლობაში თითქმის არალეგალურად ინახებოდა ქართველი ინტელიგენციის ოჯახებში, ფასდაუდებელი მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა რეჟიმის პირობებში. მისი ფურცლებიდან ქროდა თავისუფალი სული, სიყალბისა და უიმედობის მძლავრობისას იგი ნამდვილი ფასეულობებით პასუხობდა ახალგაზრდობის სულიერ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
"კავკასიონის" ხელახალი გამოქვეყნება, ერთი მხრივ, თუ მადლიერების გამოხატულებაა მისი შემქნელებისადმი, და უფრო ფართოდ იმ ეპოქისადმი, რომელსაც, გარკვე­ული აზრით, "კავკასიონის" წლებად მოვიხსენიებდით, მეორე მხრივ, ეს არის კლასიკური მემკვიდ­რეობის რეაქტუალიზაციის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი.”


”კავკასიონი”, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა, საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მყოფი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა, თუმცა მისი მნიშვნელობა დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჟურნალში თავმოყრილი მასალები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობას ასახავს და მთელი რიგი საკითხების ანალიზში გვეხმარება.

ჟურნალი შემდეგი დარგებისგან და გამყოფილებებისგან შედგება:
1. ქართული მხატვრული მწერლობა და ქართული ლიტერატურული საკითხების განხილვა
2. უცხოეთის ლიტერატურის პრობლემების განხილვა, უცხოეთის ლიტერატურის მიმიხილვა, თარგმანები
3. ხელოვნება
4. მეცნიერება და ფილოსოფია
5. ქართული კულტურის მიმოხილვა
6. მემუარები და დოკუმენტები
7. კრიტიკა, ბიბლიოგრაფია და ინფორმაცია

საინტერესოა ჟურნალის რედაქტორის - პავლე ინგოროყვას 1924 წლის პოზიცია:
”ქართველი საზოგადოება, და პირველ რიგში თვით მწერლები, კარგა ხანია გრძნობდნენ იმ შეუვსებელ ნაკლს, რომ ქართულს ენაზე არ არსებობს ისეთი პერიოდული ორგანო, რომელიც იყვეს მთლიანი გამომსახველი ქართული შემოქმედებისა და აზროვნების... ჟურნალი პირველ რიგში დაუთმობს თავის ფურცლებს ქართულ მხატვრულ მწერლობას, და ქართული ლიტერატურული საკითხების განხილვას. აქ საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჟურნალი სდგას ყოველგვარ ვიწრო ლიტერატურულ-ჯგუფური ინტერესების გარეშე...ერთად-ერთი საზომი, რომლითაც იხელმძღვანელებს ამ შემთხვევაში კავკასიონი, ეს არის იდეები იმ მარადი ხელოვნებისა, რომელიც მაღლა სდგას წარმავალ ლიტერატურულ მოდაზე, ყოველგვარ ”მემარჯვენეობასა” და ”მემარცხენეობაზე”...ქართული მწერლობის გვერდით, კავკასიონი საპატიო ადგილს დაუთმობს უცხოეთის ლიტერატურის პრობლემების განხილვას. ქართულმა მწერლობამ უკვე დააღწია თავი ვიწრო პროვინციალობას და კავკასიონი შეეცდება შეუწყოს ხელი ქართული მწერლობის ევროპეიზაციას...ნაცვლად გავრცელებული შემთხვევითი თარმანებისა მეორე და მესამე ხელიდან კავკასიონი შეეცდება მოათავსოს თარგმანები რომლებიც საბოლოოდ დარჩებიან ქართულ მწერლობას... ”

No comments:

Post a Comment