მენიუ

Wednesday, September 29, 2010

ახალი ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

სწავლის დაწყებასთან ერთად გაცილებით იზრდება მოთხოვნა ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნებზე, განსაკუთრებით კი ოთხტომეულზე ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”.

ილას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ სიახლე შემოგვთავაზა და გამოსცა განახლებული ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” წიგნი I, რომელშიც გარკვეული სიახლეებია შეტანილი.



”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” წარმოადგენს კრებულს, რომელშიც შეტანილია სხვადასხვა დროს მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომები სრულად ან ნაწყვეტების სახით. ეს წიგნები არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არის საინტერესო, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია იმ ადამიანების ნაშრომებით, რომლებმაც განსაზღვრეს თანამედროვე აზროვნება.

”...ამ წიგნში მოცემულია ის ძირითადი ტექსტები, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკვლევარების აზრით, შექმნეს ის დრო და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ... მეორე იდეა და პრინციპი, რომელიც ამ წიგნს უდევს საფუძვლად, არის მოგზაურობა. მოგზაურობა, რომლის დროსაც თქვენ შეხვდებით ამბებს, პერსონაჟებს და ძალიან ხშირად აღმოაჩენთ, რომ ის იდეები და განწყობები, რომლებიც ისე ღრმად არის ფესვგადგმული თქვენს გარემოში, რომ ლამის ადამიანის წარმოშობასთან ერთად გაჩენილი გგონიათ, კონკრეტულ მოაზროვნეს ეკუთვნის და თავის დროზე სერიოზულ კამათს და უთანხმოებას იწვევდა.”

გიგი თევზაძე


ახალ კრებულში შესულია:

პლატონი - ”სახელმწიფო” VI,VII თავი (მთარგმნელი - ბაჩანა ბრეგვაძე)



პავლე მოციქული - წერილი რომაელთა მიმართ


ნიკოლო მაკიაველი - ”მთავარი” (მთარგმნელი - ბაჩანა ბრეგვაძე)


თომას ჰობსი - ”ლევიათანი” (XIII-XVIII თავები)
”მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე”(I-VIII თავი)
(მთარგმნელი - გია ნოდია)



ჟან-ჟაკ რუსო - ”ემილი, ანუ აღზრდის შესახებ” (მეორე წიგნი)
(მთარგმნელი - სერგი დანელია, ირაკლი კვაჭაძე, ერეკლე აბაშიძე)



ადამ სმითი - ”გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ” (I-IV თავი)
(მთარგმნელი - ფილიპე გიგიჩაიშვილი)


იმანუელ კანტი - ”პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?” (მთარგმნელი - გიგა ზედანია)


კარლ მარქსი

”ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის”

”ბურჟუაზია და კონტრრევოლუცია”



ჟან ბატისტ ლამარკი - ”ზოოლოგიის ფილოსოფია”(ნაწილი I, III-VIII თავი)
(მთარგმნელთა ჯგუფი)

ალფრედ რასელ ლამარკი - ”ზოოლოგიის ფილოსოფია”(მთარგმნელთა ჯგუფი)

ალფრედ რასელ უოლესი - ”სახესხვაობა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ეტაპს”(მთარგმნელთა ჯგუფი)

ჩარლზ დარვინი - ”სახეობათა წარმოშობისა და არსებობისათვის ბრძოლაში უპირატესობის მქონე სახეობების გადარჩენის შესახებ.”(მთარგმნელთა ჯგუფი)




Monday, September 13, 2010

ახალი წიგნები!!!

დაიწყო შემოდგომა და თბილისი ისევ ახმაურდა. თბილისის ხალხით გავსებასთან ერთად ჩვენი წიგნის მაღაზიაც გახალისდა ახალი წიგნებით. ამჯერად ახალი საბავშვო გამოცემებიდან სამ წიგნზე შევაჩერებ ყურადღებას. ამ სამი წიგნის გარეკანის სურათებითა და ანოტაციებით თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ მართლაც საოცარი წიგნებია და მათი კითხვითა და თვალიერებით არა მხოლოდ ბავშვები, არამედ დიდებიც გაერთობიან!

ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისათვის



ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 384
ყდა: ბალიშა
ფასი: 19.20

მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში.
მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.


ეს წიგნი მართლაც საუკეთესოა პატარებისთვის, რომლებიც ჯერ ვერ შეძლებენ მსოფლიო კლასიკის ნაწარმოებების სრული ვერსიების წაკითხვას. პატარებს წიგნების კითხვაში ძალიან ეხმარებათ ილუსტრაციების თვალიერება და ეს გამოცემა სწორედ მათზეა მორგებული.

წიგნში მსოფლიო საბავშვო კლასიკის ექვსი ნაწარმოებია შესული და ყოველი გვერდი დასურათებულია.
1. ინგლისური ბალადა - რობინ ჰუდი
2. ჯონათან სვიფტი - გულივერის მოგზაურობა
3. ჯონ მიდ ფოლკნერი - მუნფლიტი
4. ჟიულ ვერნი - ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო
5. დანიელ დეფო - რობინზონ კრუზო
6. ოსკარ უაილდი - კენტერვილის აჩრდილი
ადაპტირებულ და ილუსტრირებულ ნაწარმოებებს წინ უძღვის მათი ავტორების პატარა ბიოგრაფიები.


ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ლუის კეროლი


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 48
ყდა: მაგარი
ფასი: 19.20

”ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი, რაც შენთვის შეუძლებელია და წარმოუდგენელია, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამ გამოცემისთვის წიგნი სპეციალურად შემოკლდა და გამარტივდა, რათა უკეთ გაიცნო ალისას საოცრებათა სამყარო და ნაწარმოების სრული ვერსიის წაკითხვა მოგინდეს – ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხომ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.”


ეს წიგნი გამოირჩევა ლამაზი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება ლუის კეროლის მიერ შექმნილი უმშვენიერესი სამყაროს აღქმაში. წიგნის იმითაცაა საინტერესო, რომ ამ გამოცემის ნახატებში ალისა სრულიად განსხვავდება დისნეის ალისასგან, თუმცა არანაკლებ საინტერესო და მომხიბლავი პერსონაჟია.

ტოლინები
ფეთქებადი ზღაპარი ბავშვებისთვის
კონ იგულდენი



ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 176
ყდა: მაგარი
ფასი: 23.20

”როდისმე გინახავს ტოლინი? თუმცა, თუ ცისფერი სათვალე არ გაქვს, ტოლინს ვერაფრით დაინახავ. ტოლინები ფერიები არ გეგონოს. მართალია, ამათაც და იმათაც ფრთები აქვთ, მაგრამ ფერიები სუსტები არიან და ტოლინები მათ ხშირად იბრიყვებენ. თუმცა, არც ტოლინებს ადგათ კარგი დღე – ცისფერი სათვალით შეიარაღებული ადამიანები მათ შუშხუნებში ტენიან და აფეთქებენ... რომ არა გონიერი ტოლინი ბენგა, აქამდე ამ ონავართა სახსენებელიც არ იქნებოდა. ეს წიგნი სწორედ ბენგას სამი გმირობის ამბავს მოგვითხრობს.”

ტოლინების სამყარო სრულიად ახალია ქართველი მკითხველებისთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ წიგნს. ტოლინების თავგადასავლების პოტენციური მკითხველების ასაკი რთულად დასადგენია, რადგან ის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც 5, ისე 12 წლის ბავშვისათვის. რაღა დაგიმალოთ და ამ წიგნის წაკითხვა არც მათი მშობლებისთვის იქნება უინტერესო! შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ტოლინების მკითხველი პატარების მშობლების შეფასებები და ნახოთ, თუ როგორ ელოდებიან მათი პატარები და თავად ისინიც კონ იგულდენისგან ტოლინების ახალ თავგადასავლებს!

თუ დაინტერესდით წიგნებით, მობრძანდით ”ლიგამუსში”. ეს წიგნები ჩვენს კვირის წიგნების კალათაში დაგხვდებათ!!!