მენიუ

Thursday, February 3, 2011

ამბერის ცხრა პრინცი

1 თებერვალს ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. როჯერ ზელაზნის ”ამბერის ცხრა პრინცი” ამბერის ქრონიკების პირველი წიგნია და ამავდროულად ზელაზნის წიგნების პირველი ქართული თარგმანი.



”როჯერ ჯოზეფ ზელაზნი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი მრავალრიცხოვანი მოთხრობისა და რომანის ავტორია. სამჯერ დაჯილდოვდა ”ნებიულას” პრემიით (14 ნომინაციიდან) და ექვსჯერ - ”ჰიუგოს” პრემიით (ასევე 14 ნომინაციიდან).


მის ნაწარმოებებში ხშირად აღწერილია ჩვენთვის თითქოს ცნობილი სამყარო, ოღონდ მაგიის ელემენტებითა და ზებუნებრივი არსებებით. ზელაზნის გმირებს შორის ბევრია მითოლოგიური პერსონაჟი ნორვეგიული, იაპონური, ირლანდიური და სხვა ხალხების მითოლოგიიდან, ისევე, როგორც რეალური ისტორიული პიროვნებები.
”ამბერის ცხრა პრინცი” პირველია ”ამბერის ქრონიკების” სერიის ათი რომანიდან. ქართველ მკითხველს აუცილებლად მოეწონება რომანის თავბრუდამხვევ მოვლენებში ჩართვა, მით უმეტეს, რომ ეს მწერლის პირველი წიგნია ქართულ ენაზე.”


თხრობის დასაწყისში კარლ კორი იღვიძებს ერთ-ერთ კერძო პალატაში და აღმოაჩენს, რომ ავტოკატასტროფის შემდეგ მეხსიერება აქვს დაკარგული. მკითხველი და მთავარი პერსონაჟი ერთ პოზიციაში არიან, რადგან არც მკითხველმა იცის კარლ კორის წარმომავლობა და წარსული და არც თვითონ გმირმა. სიმართლის ძიების პროცესში მკითხველიც ისეთივე აზარტით არის ჩართული, როგორც მთავარი გმირი. კარლი სიმართლის ძიებაში დაადგენს, რომ მისი ნამდვილი სახელი კორვინია და ცხრა ძმა და ოთხი და ჰყავს, რომელთა ფიგურებიც საიდუმლოდ გადამალულ ტაროს კარტზეა გამოსახული. ერთი შეხედვით სრულიად რეალური სამყარო თანდათანობით მაგიურ ელემენტებს იძენს, ყველაზე მეტად კი კორვინს სიტყვა -ამბერი აფორიაქებს, რადგან გრძნობს, რომ ამ სიტყვასთან ძლიერი კავშირი აქვს. კორვინი აღმოაჩენს, რომ ის ამბერის ერთ-ერთი უფლისწულია და სწორედ ამბერია ის ადგილი, რომელშიც სამყაროს ყველა ქალაქია გაერთიანებული, სწორედ ის არის ერთადერთი რეალური სამყარო და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მისი ანარეკლია. დედამიწა, რომელზეც ნიუ-იურკის პალატა და კორვინის დის სახლია მხოლოდ ამბერის ერთ-ერთი ანარეკლია და სხვა არაფერი. კორვინი გრძნობს, რომ ამბერში ძალაუფლების მოპოვებისთვის უნდა იბრძოლოს. ბრძოლაში უპირატესობის მოპოვებისთვის მიზანთან უფრო ახლოს მისვლაა და მოგზაურობის დაწყებაა საჭირო, რომლის დროსაც თანდათანობით ტოვებ ანარეკლებს და უახლოვდები ამბერს, გზაზე უცნაური არსებები უამრავ დაბრკოლებას გიქმნიან, ცა ვარდისფერი ხდება, ცაზე კი უზარმაზარი ცისფერი მთვარე ბრწყინავს.

წიგნი ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით იკითხება და დამთავრებისთანავე გიჩნდება სურვილი, რომ ”ამბერის ქრონიკების” მეორე ნაწილის კითხვა დაიწყო. იმედია, ქრონიკების მეორე ნაწილიც მალე დაიბეჭდება, მანამდე კი ”ამბერის ცხრა პრინცი” -ს შეძენის საშუალება გაქვთ, თანაც წინ შაბათ-კვირაა, კითხვისთვის საუკეთესო დრო!!!

3 comments:

  1. ძალიან საინეტერსო ჩანს..
    შემოვივლი ოღონდ წასაკითხად :)
    ძალიან მიყვარს ლიგამუსის გარემო <3<3<3

    ReplyDelete
  2. ძალიან გამიხარდა!! სანტა ესპერანსაში წავაწყდი შემთხვევით მეორე წიგნს, პირვლეის მოტანასაც შემპირდნენ, აუცილებლად ვიყიდი <3 იმედია შემდეგ წიგნებსაც თარგმნით :3

    ReplyDelete
  3. პირველი სამი უკვე ჩავაბულბულე, დანარჩენით როდის გაგვახარებთ?

    ReplyDelete