მენიუ

Thursday, June 3, 2010

ძველი საქართველო

ამჯერად ჩვენი ”კვირის წიგნების კალათის” წიგნები წარსულზე მოგვითხრობენ. ტრადიციულად გაწვდით მათ მოკლე ანოტაციებსა და გარეკანის ფოტოებს.

1728 წლის "თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი" ( წიგნი I, კავკასიისა და აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი) აღმოსავლეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილიებით გამოსაცემად მოამზადეს აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ და პროფესორმა ნოდარ შენგელიამ.

1728 წლის "თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი"ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა აღმოსავლეთ საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ხალხთა არაერთი საკითხის შესასწავლად. მას, როგორც წყაროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკური, ლინგვისტური, ონომასტიკური, ისტორიული გეოგრაფიისა და სხვა საკითხების შესასწავლად. ”


”სამი ოსმალური წყარო თბილისის ისტორიისათვის (1730-1732 წლები)”
გვაცნობს სამ დოკუმენტს, რომლებიც სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში ინახება. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონითა და ფაქსიმილიებით გამოსაცემად მოამზადა პროფესორმა ნოდარ შენგელიამ. (აღმოსავლეთისა და კავკასიის კვლევითი ცენტრი)

”ნაშრომში პირველად ქვეყნდება სტამბოლის მინისტრათა საბჭოს არქივში დაცული დოკუმენტური წყაროების მცირე ნაწილი თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესახებ XVIII საუკუნის 30-იან წლებში. . . იგი დიდ სამსახურს გაუწევს ოსმალეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობებისა და განსაკუთრებით თბილისის ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართ.”


”ძველი საქართველო” არის ”ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის” ფოტოალბომი, რომელშიც პორტრეტები და თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ფოტოებია წარმოდგენილი. ფოტოების უმრავლესობა ექვთიმე თაყაიშვილის არქივიდან არის შერჩეული.





დავით კაციტაძის ”ირანის ისტორია (III-XVIII საუკუნეები)” ირანის ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. (გამომცემლობა ”ჰოროსი XXI”)

”წიგნში განხილულია III-XVIII სს. ირანის ისტორიის უმთავრესი საკითხები: ირანის პოლიტიკური, სოციალურ ეკონომიკური და კულტურის ისტორია, მისი ურთიერთობა რომთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან, არაბთა სახალიფოებთან, თურქეთთან, დასავლეთ ევროპის, შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი ირან-საქართველოს ურთიერთობების წარმოჩენას. წიგნში ნაჩვენებია აგრეთვე ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში.”


ტული აშორდიას წიგნი ”სოლომონ აშორდია -ზუგდიდელი ქართველი ავანტიურისტის თავგადასავალი” (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა) მოგვითხრობს ცნობილი ქართველი ავანტიურისტის შესახებ.

”მსოფლიოს ისტორიული მისტიფიკატორების ნუსხაში თავისი ადგილი უკავია ერთ ნიჭიერ ქართველს - ავანტიურისტ სოლომონ აშორდიას. ყალბი საბუთების შეგდენის სფეროში სოლომონ აშორდია ყველაზე გამოცდილი და გამოჩენილი მოღვაწე იყო. მე-19 საუკუნის მიწურულს, მისი შემწეობით, ქუთაისის გუბერნიის ორი ათასამდე მცხოვრებმა მიიღო თავადისა და აზნაურის ღირსებები.”



No comments:

Post a Comment