მენიუ

Tuesday, June 15, 2010

კვირის წიგნები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟურნალმა ”ტაბულამ” რამდენიმე გამომცემლობას შესთავაზა, რომ მათი 2010 წლის გამოცემებიდან თითო საბავშვო წიგნი დაესახელებინათ, რომელიც მათი აზრით, საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა პატარებისთვის. გადავწყიტეთ, რომ ჩვენი ”კვირის წიგნების კალათაც” სწორედ ამ პრინციპით შეგვევსო. ჩვენი წიგნის კალათისთვის ოთხი გამომცემლობის რჩეული წიგნი შევარჩიეთ. ტრადიციულად წარმოგიდგენთ მათი გარეკანის სურათებს და თანდართულ ანოტაციებს. გარდა ამისა, გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალიდან ”ტაბულა”, სადაც გამომცემლობების წარმომადგენლები თავად განმარტავენ, თუ რატომ აირჩიეს სწორედ ეს წიგნი. (ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 62-63 გვ.)

ემილის თავგადასავალი
ასტრიდ ლინდგრენი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა


”ემილ სვენსონი პატარა ბიჭია, რომელიც ერთ პატარა შვედურ ხუტორში ცხოვრობს მშობლებთან და დაიკო იდასთან ერთად. ემილი ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, სკოლაშიც კი არ დადის, თუმცა ისეთი ონავარია, რომ მთელ ლენებერგაში, ლენებერგა რაა, მთელ სმოლანდში, სმოლანდში კი არა, მთელ შვედეთშია ცნობილი. წაიკითხე ეს ძალიან სასაცილო თავგადასავალი, რომელიც ემილის დედიკომ გულდასმით აღწერა თავის ლურჯ რვეულებში და ის აუცილებლად შენი საყვარელი წიგნი გახდება.”




ბაკურ სულაკაური (გამომცემლობის დირექტორი)
”საბავშვო პროდუქცია წიგნის ბიზნესში მართლაც ყველაზე აქტუალურია, თუმცა, აქაც ერთგვარი დიფერენციაცია არსებობს - უმეტეს მათგანში ილუსტრაცია ჭარბობს. ჩვენს დღევანდელ საჩუქარში წინა პლანზე ტექსტი დგას - გთავაზობთ ყველა თაობის საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს. მისი ხელმეორედ გამოცემა გადავწყვიტეთ თუნდაც იმიტომ, რომ რაკი თავის დროზე რუსულიდან ითარგმნა, გადმოღებული იყო რუსულად თარგმნილი გეოგრაფიული სახელები. მაგალითად, ეწერა ლიონებერგელი და არა ლენებერგელი. ტექსტი ორიგინალს შეადარა და გამოტოვებული ადგილები შეავსო თამარ მაისურაძემ.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 62 გვ.)

მტაცებლები

ჯოან სეიდენსტიკერი, სიუზან ლამპკინი
პალიტრა L

”ეს წიგნი საინტერესოდ და სრულიად ახლებურად გვაცნობს მტაცებლებს. მასში გასაგებად და საინტერესოდ არის განხილული მტაცებელი ცხოველების თავისებურებანი. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მტაცებელთა შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.”



ქეთი ჭეიშვილი (გამომცემლობის დირექტორი)
”ეს პალიტრა L -ის სერია საყმაწვილო ბიბლიოთეკის გამოცემათაგანია, თვეში ერთხელ გამოდის და აქციის ფარგლებში, კვირის პალიტრასთან ერთად, 15 ლარი ღირს, მაღაზიებში - 20 ლარი. ეს სერია არამხატვრულ, შემეცნებით გამოცემებს ითვალისწინებს, ერთგვარი ენციკლოპედიაა. უშულაოდ ეს წიგნი მტაცებლებზე, მათ კატეგორიებზეა. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მათ შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 63 გვ.)

ჩემი პირველი ჯიგსოები
შემდგენელი - პეტ ჰეგარტი
ლოგოს პრესი

”პატარებს ძალიან შეუყვარდებათ ჯიგსოების, ანუ ნახატი-გამოცანების შეერთება ფაზლების ამ ჯადოსნურ წიგნში. მასში 30 მიმზიდველად ილუსტრირებული ჯიგსოა, რომლებიც ფერების, ფორმებისა და საპირისპირო ცნებების მისადაგების უნარებს ავითარებს.”


მაია ბერაია (საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი)
”თქვენს წინაშა წიგნი და სათამაშო ერთად. ის შედგება ფაზლებისაგან. დაშლის და აწყობის პრინციპი ბავშვს ეხმარება, რომ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შესატყვისი მოუძებნოს პირველ ნახევარს. ვფიქრობთ, ამ ფაქტით ყველა მშობელი დაინტერესდება. წიგნი ტონი პოტერის გამომცემლობასთან ერთად გამოვეცით.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, გვ.63)


ანბანი
მხიარული ლექსებით და გამოცანებით
სიესტა

მხიარული ანბანი ბარათების სახითაა დაბეჭდილი და თან ახლავს ბავშვებისთვის საყვარელი ხალხური, ვაჟა ფშაველას, გივი ჭიჭინაძის, მორის ფოცხიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი წერეთლის, ალეკო შენგელიას, მზია ჩხეტიანის, მარიამ წიკლაურის, ირმა მალაციძის, ვასო გულეურის, გიორგი კეკელიძის, ნათია ჯანაშიას საუკეთესო ლექსები და გამოცანები.

ქეთი კიღურაძე (გამომცემლობის დირექტორი)

”ჩვენი ერთ-ერთი კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ სკოლაში წამსვლელი ბავშვებისთვის მოსახერხებელი ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვება. ვიფიქრეთ, როგორ მიგვეწოდებინა მათთვის ქართული ანბანი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მარტივი ბარათები. ამოვარჩიეთ სიტყვები და მივუსადაგეთ სხვადასხვა ავტორის ლექსები და გამოცანები მაია მაჩალაძის შესანიშნავი ილუსტრაციებით. ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო საქმე გამოვიდა - უკვე უამრავი ადამიანი დაინტერესდა.” (ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, გვ.62)

No comments:

Post a Comment