Friday, May 21, 2010
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ახალი წიგნები
2010 წლის წიგნის ფესტივალი ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ინტერესდება სამეცნიერო ლიტერატურით. დღეს წიგნის კალათა სულ ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნებით არის სავსე. შევარჩიეთ წიგნები, რომელებმაც წიგნის ფესტივალზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. შეიძლება ზოგი წიგნი თქვენთვის უკვე ცნობილია, რამდენიმე კი სულ ახალია. იმისთვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ამ წიგნებზე, ყდების სურათებთან ერთად მოკლე ანოტაციებსაც დავურთავთ, რომლებიც ამ წიგნებშია განთავსებული.
სტატიების კრებული - ”სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები”.
”სტატიების კრებული შეიცავს ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს, სადაც განხილულია სეკულარიზაციის რაობა, მისი ეტაპები, მისი გამოვლინებების გზები და მიმართულებები როგორც ევროპულ-ამერიკულ სივრცეში, ისე ჩვენთან - საქართველოში. სტატიების ავტორები არა მარტო სხვადასხვა თაობას და ჰუმანიტარულ თუ სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგს განეკუთვნებიან, არამედ მათ, ამავე დროს, განასხვავებს პოზიცია და ხედვის არჩეული თვალსაწიერი, ასევე, კვლევის მასალა, მეთოდი თუ სტილი. შესაბამისად, კრებული ასახავს სეკულარიზაციის საკითხთა მიმართ ერთმანეთისაგან განსხვავებულ და არაერთგვაროვან მიდგომებს.”
გიორგი ანჩაბაძე - ”საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე)”.
”წიგნში თავმოყრილია ავტორის შრომები, მიძღვნილი საქართველოს სამხედრო ისტორიის პრობლემებისადმი. . . კრებულში შეტანილ სტატიებში წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის თითქმის ყველა ასპექტი - შეიარაღებული ძალების ხასიათი და მათი ორგანიზაცია, ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, სამხედრო-თეორიული აზრის განვითარება, სამხედრო ეთიკა, სამხედრო-ისტორიული წყაროთმცოდნეობა და სხვ. აქვეა ორიგინალური რუკები და სქემები. სტატიები დაწყობილია ქრონოლოგიურად: წინაფეოდალური და ფეოდალური ეპოქების ამსახველი მასალა, 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახასიათება. კრებული მთავრდება საქართველოს ომების ქრონოლოგიური ნუსხით. წიგნი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. იგი გამოადგება აგრეთვე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ისტორიკოსებს, ისტორიის მასწავლებლებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და, საერთოდ საქართველოს წარსულით დაინტერესებულ ფართო მკითხველ საზოგადოებას.”
”ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები”(ავტორები სტივენ პ. რობინსი და ტიმოთი ა. ჯაჯი).
წიგნში განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები, პიროვნული თვისებები და ფასეულობები, ჯგუფური ქცევის საფუძვლები, ძალაუფლება და პოლიტიკა, ორგანიზაციის სტრუქტურის საფუძვლები და სხვა.
წიგნის ფესტივალის სტუმართა ინტერესი გამოიწვია სტივენ ჰოუკინგის ”დროის მოკლე ისტორიამ”.
”სტივენ ჰოუკინგმა, თეორიული ფიზიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომაგდენელმა, თანამედროვე კლასიკის ამ ნიმუშით დიდი სამსახური გაუწია ადამიანებს, რომლებიც მეცნიერები არ არიან, ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემაში, როგორიცაა: როგორ და რატომ გაჩნდა სამყარო? აქვს თუ არა მას დასასრული და თუ აქვს, როგორი იქნება ის?.”
ნინო თევდორაძე - ”ტექსტის ლინგვისტიკა”.
”საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ”ტექსტის ლინგვისტიკა” მოიცავს ტექსტის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების კვლევასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსს. ტექსტის არსისა და სტრუქტურის განსაზღვრა მასში წარმოდგენილია თანამედროვე ლინგვისტური აზროვნების ფუნდამენტურ წყაროებზე -ენობრივი ნიშნის თეორიაზე, ენობრივი სისტემის დონეებრივ მოდელზე და კომუნიკაციის თეორიაზე - დაყრდნობით. სახელმძღვანელო განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, რომლებიც გადიან ტექსტის ლინგვისტიკის და ტექსტის ანალიზის სალექციო კურსებს.”
ნინო თევდორაძე - ”მხატვრული ტექსტის ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძვლები”(ინგლისურენოვანი)
”საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ”მხატვრული ტექსტის ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძვლები” განკუთვნილია ფილოლოგიური პროფილის სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. იგი მათ დაეხმარება შეძლონ თანამედროვე ლინგვისტური, ლიტერატურათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური კატეგორიალური სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ სისტემებზე დაყრდნობით მხატვრული ტექსტის კომპლექსური ანალიზი. სახელმძღვანელო, ასევე, დახმარებას გაუწევს ინგლისური ენის ღრმად შესწავლის მსურველ ნებისმიერ ადამიანს და მკითხველს, რომელიც ამავდროულად, დაინტერესებულია მხატვრული ტექსტის შესწავლის საკითხებით.”
მირჩა ელიადე - ”მითის ასპექტები”. წიგნში ლაპარაკია თემებზე, როგორიცაა მითების სტრუქტურა, მითები და განახლების რიტუალები, ესქატოლოგია და კოსმოგონია, მითების სიდიადე და დეკადენსი და ა.შ.
ზურაბ კიკნაძე - ”ანდრეზები”
”აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი-მთიანეთი, ხევი, თუშეთი) სამართლიანად ითვლება მითოლოგიური ზეპირი ტექსტების გავრცელების ძლიერ არეალად. ისინი აქ ერთიან სისტემას ქმნიან, მათი ადგილი ხალხის ყოფით და სულიერ ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული იყო წარსულში და დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსახლე მთიელებისათვის ეს ტექსტები, რომლებიც ადგილობრივ დიალექტზე ანდრეზებად იწოდება, საერთო წარსულის ხსოვნისა და აწმყოში კონსოლიდაციის ქმედითი საშუალებაა.”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment