დღეს ორშაბათია, შესაბამისად, ჩვენთან ”კვირის წიგნების კალათის” დღეა. ამ კვირის კალათაში სულ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები მოხვდნენ, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველ მიზეზი - წიგნების სიახლეა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ზუსტად გასული კვირის ბოლოს შემოიტანა ჩვენთან ეს წიგნები. თუმცა ჩვენი აზრით, მეორე მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია: უბრალოდ, ძალიან კარგი წიგნებია. ამაში დასარწმუნებლად მათი სურათები და წიგნის უკანა ყდაზე განთავსებული ანოტაციები დაგეხმარებათ.
პირველ რიგში ”კვირის წიგნების კალათისთვის” ლაშა ბუღაძის ახალი რომანი ”ლიტერატურული ექსპრესი” შევარჩიეთ. ეს წიგნი სულ ახალია, ხუთშაბათს სწორედ ”ლიგამუსში” გაიმართა მისი პრეზენტაცია. ”ლიტერატურული ექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერლის რომანია, საინტერესო სიუჟეტი აქვს და ხარისხიანდ არის გამოცემული, მოკლედ, ერთი შეხედვითვე იმის სურვილს გიჩენს, რომ კარგად მოკალათდე და წაიკითხო.
”ლიტერატურული ექსპრესი” ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალება ხდება, ზოგისთვის კი - საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენიერი ქალის დევნა ...”
შემდეგი წიგნი, რომელსაც ”მხატვრობა ბავშვებისათვის” ეწოდება, დაახლოებით სკოლის ასაკის ბავშვებისათვის არის განკუთვნილი, თუმცა იმდენად საინტერესოა, რომ შეიძლება უფროსებიც დაინტერესდნენ. ამაში ანოტაციის გაცნობის შემდეგაც დარწმუნდებით.
”შეასწავლეთ და შეაყვარეთ ბავშვებს ხელოვნება!
წიგნი, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული 30-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ნახატი, სახვითი ხელოვნების პატარა მოყვარულებს მარტივად და საინტერესოდ ”უამბობს” მხატვრობის განვითარების საფეხურების, მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვრებისა და მუშაობის სტილის შესახებ.
წიგნში მითითებული ინტერნეტბმულების დახმარებით, ”ახალბედა ხელოვნებათმცოდნეებს” საშუალება ექნებათ, თავად ჩაერთონ ნახატის შექმნის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინაში და შეავსონ სახალისო კითხვარები.”
”მხიარული სიტყვები” ძალიან კარგი წიგნია როგორც ბაღის, ასევე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. წიგნი თქვენს პატარებს არა მხოლოდ ინგლისურის, არამედ პირველ რიგში მშობლიური ენის შესწავლაში დაეხმარებათ.
”ეს ლამაზად გაფორმებული წიგნი უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს თქვენს პატარას და კითხვის სიყვარულს ჩაუნერგავს.
ყველაზე პატარები გაიხარებენ მათთვის ნაცნობი საგნების მოძებნით და სახელების წარმოთქმით, ხოლო მათ, ვინც ინგლისურს სწავლობს, წიგნი ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმაში და გამოუმუშავებს ლიქსიკონით მუშაობის უაღრესად საჭირო ჩვევას.”
ტოპო-ტიპი პატარებს უკვე ძალიან უყვართ და მათ ძალიან გაუხარდებათ პატარა თაგუნას ახალი ისტორიის გაცნობას. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთი რამ გაახარებთ. წიგნს განსხვავებული ფორმატი აქვს და მუყაოს გვერდები ბევრად უფრო მოსახერხებელია ბავშვებისთვის.
”იცით, ტოპო-ტიპმა რამდენი რამე ისწავლა?
მშობლებს ეხმარება და არც მეგობრებს ტოვებს გასაჭირში.
თამაშიც ძალიან უყვარს და ფაფებსაც გემრიელად მიირთმევს.
მოისმინე ძილის წინ პატარა თაგუნას თავგადასავლები და ტკბილად დაგეძინება.
თან ფერად სიზმრებსაც ნახავ...
ძილი ნებისა!”
”კვირის წიგნების კალათის” ბოლოს კი გემრიელი ლუკმა მოვიტოვეთ! ”კულინარია დამწყებთათვის” იმდენად ლამაზი, მარტივად ახსნილი და გემრიელი რეცეპტებისგან შედგება, რომ მისი ყიდვისგან თავის შეიკავება შეუძლებელია.
”აქამდე სამზარეულოში არ შეგიხედავთ და მხოლოდ სხვის მიერ მომზადებულ საჭმელს მიირთმევთ? ჯერ კიდევ არ არის გვიან!
ამ წიგნში თავმოყრილი მარტივი რეცეპტები და სასარგებლო რჩევები სასურველი წვნიანისა თუ სალათის მომზადების პროცესს გაგიადვილებთ და უგემრიელესი კერძებისა და ნამცხვრების მომზადებას გასწავლით.
დაეუფლეთ ხელოვნებას და გააოცეთ თქვენი ოჯახის წევრები!”
იმედია მოგეწონათ ჩვენი ”კვირის წიგნების კალათა”. კალათა მომავალ ორშაბათს ახალი წიგნებით შეივსება!
No comments:
Post a Comment