მენიუ

Wednesday, February 17, 2010

პროექტი - ჩვენ და ”ვეფხისტყაოსანი”


შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი” ქართველებისთვის დღემდე რჩება წიგნად, რომლითაც ვამაყობთ, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონ არ ვიცნობთ ამ წიგნს. შეიძლება ეს საბჭოთა განათლების სისტემის ბრალი იყო, ან სხვა მიზეზით არის გამოწვეული, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი ქართველისთვის ”წიგნი, რომლითაც ვამაყობთ”, მხოლოდ და მხოლოდ სკოლაში ნასწავლ საზეპიროებთან იგივდება, რუსთაველის სამყარო კი გაცილებით ღრმაა, ვიდრე სკოლის გამოცდებზე დაწერილი თემები, რომლებიც ხშირად მოკლებულია ტექსტის გაგებას და კრიტიკულ აზროვნებას. სამწუხაროდ ქართველების უმრავლესობას ”ვეფხისტყაოსნის” მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც ავ ძაღლს, რომელიც არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. ”ვეფხისტყაოსანს”არც ჩვენ ვკითხულობთ და არც სხვას ვაძლევთ უფლებას იმსჯელოს, იფიქროს რუსთაველზე, ან თუნდაც სპექტაკლი დადგას ”ვეხხისტყაოსნის” მიხედვით.

საგამომცემლო ჯგუფი ”სეზანის” და ”ჯეო ექს ფაბლიშინგის” პროექტი - ”ჩვენ და ვეფხისტყაოსანი” და ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ხუთტომეული, გვაძლევს საშუალებას, რომ შოთა რუსთაველით ზედაპირული აღტაცების მაგივრად, მართლა წავიკითხოთ, გავიგოთ, გავაანალიზოთ და შევისწავლოთ ”ვეფხისტყაოსანი”.
გთავაზობთ ანოტაციას, რომელიც გამომცემლებმა ხუთტომეულის თან დაურთეს.
წიგნი #1 - შოთა რუსთაველი , ”ვეფხისტყაოსანი”

”ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა რაოდენობამ ქართულ ენაზე ასს გადააჭარბა. ეს გამოცემა მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი გამოსაცემად მოამზადა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ”ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ და ამ კომისიის მიერ მიღებულ ბოლო რედაქციას წარმოადგენს. გამოცემას თან ერთვის ლექსიკონი, რმლის საბოლოო რედაქცია ეკუთვნის გურამ კარტოზიას. ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტი შეიცავს 1673 სტროფს, რომელთაგან 10 კომისიამ რუსთველურად ჩათვალა და პირველად შეიტანა ამ გამოცემაში.

წიგნი #2 - მოგითხრობთ ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ

გამოცემა წარმოადგენს ”ვეფხისტყაოსნის” და შოთა რუსთაველის შესახებ ენციკლოპედიური მიდგომით თავმოყრილ კრებულს. ასეთი აკადემიური გამოცემა საქართველოში პირველად მომზადდა. მასში იხილავთ: ინფორმაციას თითქმის ყველა იმ პირზე, ვინც ”ვეფხისტყაოსანთან” არის დაკავშირებული, 1000-ზე მეტ საილუსტრაციო მასალას, 200-ზე მეტი ავტორის სტატიასა და ნაშრომს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ვრცელ წერილს: ”შოთა რუსთაველი და მისი საღვთისმეტყველო შეხედულებანი” (ქვეყნდება პირველად).

წიგნი #3- ”ვეფხისტყაოსანს” მოგვითხრობენ ავთანდილ არაბული და მამია მალაზონია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული ორიგინალურად მოგვითხრობს ”ვეფხისტყაოსნის” შინაარსს. მაგალითად, თხრობა იწყება თავით: ”ამბად მონათხრობი ”ვეფხისტყაოსნის” კითხვის დაწყებამდე”. იქვე კი მინაწერია: ”პოემის თარგმანების საწინააღმდეგოდ”. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მთხრობელს სურს, მკითხველი გაეცნოს თავისუფალ მონათხრობს, რომელშიც მთხრობელის შეხედულებისამებრ, შეიძლება , ზოგი რამ გამოტოვებული იყოს, ხოლო ზოგი ფაქტი და მოვლენა - პირიქით, უფრო გამოკვეთილი და ხელშესახები. ყოველივე ამას ხელს უწყობს ცნობილი მხატვრის მამია მალაზონიას ილუსტრაციები.

წიგნი #4 - ”ვეფხისტყაოსანს” წარმოგიდგენთ ქეთი მატაბელი

ქეთი მატაბელის ილუსტარციები მხატვრის რუსთაველის პოემის სამყაროში ინტელექტუალური და ემოციური ჩაძირვის შედეგია. მხატვრის ფანტაზია მუშაობს სპარსულ, ჩინურ, ინდურ მოტივებზე. იგი მკითხველს ამოგზაურებს XII საუკუნის საქართველოში, სადაც რუსთაველის გმირები კიდევ უფრო რეალურად აღსაქმელია.

წიგნი #5 - ”ვეფხისტყაოსანის”გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2008 წ.წ.

მკითხველი სამი საუკუნის განმავლობაში დაბეჭდილ ”ვეფხისტყაოსნის” 300-ზე მეტ გამოცემას ერთიანად ეცნობა. ბიბლიოგრაფიას დართული აქვს გამოცემათა სატიტულე ფურცლისა და ყდის გაფორმებები. რუსთაველის მკვლევარნი ამ გამოცემას 1937 წლიდან ელოდნენ, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე პოლიგრაფიულმა მიღწევებმა და, რა თქმა უნდა, მისი ორი ავტორის , ”ვეფხისტყაოსნის” ორი მოტრფიალის - ლევან თაქთაქიშვილისა და მამუკა ჩხეიძის - მოწადინებამ გახადეს შესაძლებელი ამ გამოცემის დაბადება.

გარდა ამ ხუთტომეულისა, ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა ”მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს”. ამ წიგნში ”ვეფხისტყაოსანი” ლევან გველესიანის მიერ თანამედროვე ენით, კომენტარებით და შენიშვნებით არის მოთხრობილი და ახლავს მხატვარ მამუკა ცეცხლაძის ილუსტრაციები. ლევან გველესიანის წინასიტყვაობაში ნათლად ჩანს ჩვენი საზოგადოების არასწორი მიდგომა ”ვეფხისტყაოსნის” მიმართ და სურვილი ამ მიდგომის ცვლილებისა:
”კრიტიკა მომელის, ვიცი. ჯერ რუსთველოლოგების იმ არმიისაგან, რომელთაც დისერტაციები და აკადემიკოსობები უპყრიათ. მერე მოყვარულთაგან, რომელნიც ”ვეფხისტყაოსანს” მკრეხელობისგან იცავენ, გახევებულ რამედ მიიჩნევენ და თავს დაჰფოფინებენ. რუსთველოლოგების წინაშე ჩემს გარჯას ასე ავხსნი: რვაასზე მეტი წელია, რაც ეს პოემა არსებობს. მან, სხვა ჩვენს მონდომებებთან ერთად, შექმნა ჩვენი ქართველობა და ერთიანი თვითგანცდა. ახლა, როცა დასავლური ცივილიზაციის ურიცხვ მორევში გადავეშვით, რუსთაველს ცოტა ვინმე თუ კითხულობს. ენის გამო, რომელიც სასაუბროდ აღარ იხმარება, ახალგაზრდა ქართველი არც კი ჩაუჟინდება ”ვეფხისტყაოსანს”. სკოლაში კი სწავლობენ, მაგრამ, ხშირად, ”ვეფხისტყაოსანი” ეფემერული სილამაზეა არა ყოველდღიურად საჭირო, მოსახმარისი რამ. ჩემი მარტივი ინტერპრეტაციით მინდა ახალგაზრდა ქართველებს ვუთხრა, რომ რუსთაველის პოემა უაღრესად თანამედროვეა, რომ მასში ჩამოჩუქურთმებული მოძღვრება ეკუთვნის არა მეთორმეტე, არამედ ყველა მომდევნო საუკუნესაც. ჩვენსასაც. ამ თხრობის მიზანია, რომ მკითხველს სტიმული მივცე, რათა პოემა ორიგინალში წაიკითხოს, ისიამოვნოს, იამაყოს და შოთა რუსთაველის აზრთა სიმდიდრე ყოველდღიურ ინსტრუქციად გაიხადოს.”
ლიგამუსი უერთდება ამ პროექტის იდეას, ჩვენც გვსურს, რომ ”ვეფხისტყაოსანი” არა მხოლოდ იმისთვის წავიკითხოდ, რომ გამოცდებში არ ჩავიჭრათ, არამედ ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის.

2 comments:

  1. არაჩვეულებრივი პროექტია!

    ReplyDelete
  2. არაჩვეულებრივი პროექტია!ბოლოს და ბოლოს საფუძვლიანი გამოცემა და განხილვა ამ დიდებული ნაწარმოებისა ხომ უნდა მოხდეს.მართლაც და მარტო გამოცდაზე გასასვლელი ნაწარმოების გვერდით არ უნდას დავაყენოთ.
    მინდა გაცნობოთ ერთი კარგი ამბავიც;გამოსაცემად ვამზადებ ხელით გადაწერილ,არაჩვეულებრივი კალიგრაფიით (კალმით დაწერილი,მელნით)ვეფხისტყაოსნის დიდი ფორმატით გამოცემას. აიეტი60.

    ReplyDelete