მენიუ

Tuesday, November 9, 2010

”ილიას ბიბლიოთეკა”




გუშინ, ანუ 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნების ახალი სერიის პრეზენტაცია, რომელსაც ”ილიას ბიბლიოთეკა” ეწოდება.

”ილიას ბიბლიოთეკის” შექმნის იდეა ეკუთვნის ”კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”. პროექტი განხორციელდა ”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
სერიის პირველი ათი წიგნი გამოიცა ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ გამოცხადებული კონკურსის, ”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში”-ს ფარგლებში. კონკურსის პირობების თანახმად წიგნები შეიცავენ ისეთი სახის ლიტერატურას, რომელიც ქართულ კულტურაში დემოკრატიული ღირებულებების არსებობას ასახავს. ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მიერ შეიქმნა ათი წიგნი, რომლებშიც შესულია მე-19-20 საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიცისტური წერილები და მხატვრული ნაწარმოებები. თითოეულ წიგნს შესავლის სახით დართული აქვს თანამედროვე ავტორების -ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, მწერლების- სტატიები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ წიგნებს.

”ილიას ბიბლიოთეკის” პირველი ათი წიგნია:
I ილია ჭავჭავაძე - წერილები; შესავალი გიგი თევზაძისა


II ივანე ჯავახიშვილი - წერილები; შესავალი გიგა ზედანიასი


III სრულიად საქრთველოს კათოლიკოს პატრიარქები 19171927 წწ.ში - წერილები; შესავალი ლევან გიგინეიშვილისა


IV დიმიტრი ყიფიანი - წერილები; შესავალი რატი ამაღლობელისა


V არჩილ ჯორჯაძე - წერილები; შესავალი ლევან ღამბაშიძისა


VI სტატიები ემიგრაციაში გამოცემული გაზეთებიდან; შესავალი დათო ტურაშვილისა


VII ნოე რამიშვილი - საქართველო და რუსეთი; შესავალი ლაშა ბუღაძისა


VIII ნიკო ნიკოლაძე - ”კრებულის” დანიშნულებაზე; შესავალი ზაზა შათირიშვილისა


IX იაკობ გოგებაშვილი - წერილები; შესავალი სიმონ ჯანაშიასი


X ვაჟა ფშაველა - ალუდა ქეთელაური; შესავალი - აკა მორჩილაძისა




”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთერთი ამოცანაა, რომ ”ილიას ბიბლიოთეკის” წიგნებს დაბალი ფასი ჰქონდეთ და ხელმისაწვდომი იყოს ყველა მსურველისთვის. თითოეული წიგნის ფასია 0.75 თეთრი, ხოლო ათივე ტომისაგან შემდგარი კომპლექტის ფასი კი 7 ლარი!!!