შენიშვნა: ”ლიგამუსის თეატრალური წრის” ღია დღეები დასრულდა, ახლებს ვეღარ მივიღებთ, რადგან სპექტაკლზე ვიწყებთ მუშაობას.
ბევრმა უკვე იცის, რომ ლიგამუსში ერთი ფერადი და მხიარული ოთახია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს ზღაპრის დღეების შესახებაც გაუგია, რომელიც შაბათობით 11.00-დან 13.00 საათამდე ამ ოთახში ტარდება. ლიგამუსის ბავშვთა ოთახმა შარშან კიდევ ერთი ფუნქცია შეითავსა - თეატრალური წრეში ჩართულ ბავშვებს მასპინძლობდა.
თავიდან მაღაზიის თანამშრომლები ვცდილობდით, რომ საკუთარი ძალებით დაგვედგა პატარა საბავშვო სპექტაკლები , რომლებზეც ჩვენი ოთახის ერთგულ სტუმრებს და სხვა ბავშვებს ვპატიჟებდით. ”ლიგამუსის თეატრალური წრის” შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბავშვებმა თვითონაც გამოთქვეს ამ სპექტაკლებში მონაწილეობის სურვილი.
2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო ჩვენი 4 თვიანი ექსპერიმენტი - ”ლიგამუსის თეატრალური წრე”,რომელიც იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვისაც და ჩვენთვისაც, რომ ახალი სასწავლო წლიდანაც განვაახლეთ მასზე მუშაობა. იმისთვის, რომ უფრო სრული წარმოდგენა შეგექმნათ თეატრალური წრის შესახებ, ვფიქრობ საჭიროა იცოდეთ, რომ:
1. წრე სრულიად ღია და უფასოა 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის
2. თეატრალური წრე ინკლუზიურია.
3. თეატრალური წრის ძირითადი ხაზი აგებულია თეატრალურ თამაშებზე და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ნაკლებად არის ორიენტირებული სპექტაკლის შექმნაზე, თუმცა ბავშვების მოტივაციის გასაზრდელად მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ თამაშების გარდა კონკრეტულ სპექტაკლზეც გვემუშავა.
4.სპექტაკლის სცენარი შევქმენით ჯეიმს მ. ბარის ნაწარმოების - ” პიტერ პენის ”
მიხედვით. თეატრალური წრის პრიორიტეტი კვლავაც დარჩება ბავშვების თამაშებში ჩართვა, თუმცა გარდა ამისა, უკვე შექმნილი სცენარის და დაწყებული რეპეტიციების მიხედვით ვგეგმავთ სპექტაკლის ორგანიზებასაც, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიების სახით გვაქვს ჩაფიქრებული.
5. თეატრალური წრის შეხვედრები ტარდება:
ორშაბათობით 18.00-დან 20.00-საათამდე (ილიას უნივერსიტეტის თეატრი)
შაბათობით 14.00-დან 16.00-საათამდე (წიგნის მაღაზია ”ლიგამუსის” ბავშვთა ოთახი)
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ორშაბათობით რეპეტიციები ილიას უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე გვექნება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თეატრის ხელმძღვანელობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 232766
Facebook: Ligamus/ლიგამუსი