მენიუ

Monday, September 13, 2010

ახალი წიგნები!!!

დაიწყო შემოდგომა და თბილისი ისევ ახმაურდა. თბილისის ხალხით გავსებასთან ერთად ჩვენი წიგნის მაღაზიაც გახალისდა ახალი წიგნებით. ამჯერად ახალი საბავშვო გამოცემებიდან სამ წიგნზე შევაჩერებ ყურადღებას. ამ სამი წიგნის გარეკანის სურათებითა და ანოტაციებით თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ მართლაც საოცარი წიგნებია და მათი კითხვითა და თვალიერებით არა მხოლოდ ბავშვები, არამედ დიდებიც გაერთობიან!

ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისათვის



ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 384
ყდა: ბალიშა
ფასი: 19.20

მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში.
მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.


ეს წიგნი მართლაც საუკეთესოა პატარებისთვის, რომლებიც ჯერ ვერ შეძლებენ მსოფლიო კლასიკის ნაწარმოებების სრული ვერსიების წაკითხვას. პატარებს წიგნების კითხვაში ძალიან ეხმარებათ ილუსტრაციების თვალიერება და ეს გამოცემა სწორედ მათზეა მორგებული.

წიგნში მსოფლიო საბავშვო კლასიკის ექვსი ნაწარმოებია შესული და ყოველი გვერდი დასურათებულია.
1. ინგლისური ბალადა - რობინ ჰუდი
2. ჯონათან სვიფტი - გულივერის მოგზაურობა
3. ჯონ მიდ ფოლკნერი - მუნფლიტი
4. ჟიულ ვერნი - ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო
5. დანიელ დეფო - რობინზონ კრუზო
6. ოსკარ უაილდი - კენტერვილის აჩრდილი
ადაპტირებულ და ილუსტრირებულ ნაწარმოებებს წინ უძღვის მათი ავტორების პატარა ბიოგრაფიები.


ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ლუის კეროლი


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 48
ყდა: მაგარი
ფასი: 19.20

”ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი, რაც შენთვის შეუძლებელია და წარმოუდგენელია, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამ გამოცემისთვის წიგნი სპეციალურად შემოკლდა და გამარტივდა, რათა უკეთ გაიცნო ალისას საოცრებათა სამყარო და ნაწარმოების სრული ვერსიის წაკითხვა მოგინდეს – ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხომ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.”


ეს წიგნი გამოირჩევა ლამაზი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება ლუის კეროლის მიერ შექმნილი უმშვენიერესი სამყაროს აღქმაში. წიგნის იმითაცაა საინტერესო, რომ ამ გამოცემის ნახატებში ალისა სრულიად განსხვავდება დისნეის ალისასგან, თუმცა არანაკლებ საინტერესო და მომხიბლავი პერსონაჟია.

ტოლინები
ფეთქებადი ზღაპარი ბავშვებისთვის
კონ იგულდენი



ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 176
ყდა: მაგარი
ფასი: 23.20

”როდისმე გინახავს ტოლინი? თუმცა, თუ ცისფერი სათვალე არ გაქვს, ტოლინს ვერაფრით დაინახავ. ტოლინები ფერიები არ გეგონოს. მართალია, ამათაც და იმათაც ფრთები აქვთ, მაგრამ ფერიები სუსტები არიან და ტოლინები მათ ხშირად იბრიყვებენ. თუმცა, არც ტოლინებს ადგათ კარგი დღე – ცისფერი სათვალით შეიარაღებული ადამიანები მათ შუშხუნებში ტენიან და აფეთქებენ... რომ არა გონიერი ტოლინი ბენგა, აქამდე ამ ონავართა სახსენებელიც არ იქნებოდა. ეს წიგნი სწორედ ბენგას სამი გმირობის ამბავს მოგვითხრობს.”

ტოლინების სამყარო სრულიად ახალია ქართველი მკითხველებისთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ წიგნს. ტოლინების თავგადასავლების პოტენციური მკითხველების ასაკი რთულად დასადგენია, რადგან ის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც 5, ისე 12 წლის ბავშვისათვის. რაღა დაგიმალოთ და ამ წიგნის წაკითხვა არც მათი მშობლებისთვის იქნება უინტერესო! შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ტოლინების მკითხველი პატარების მშობლების შეფასებები და ნახოთ, თუ როგორ ელოდებიან მათი პატარები და თავად ისინიც კონ იგულდენისგან ტოლინების ახალ თავგადასავლებს!

თუ დაინტერესდით წიგნებით, მობრძანდით ”ლიგამუსში”. ეს წიგნები ჩვენს კვირის წიგნების კალათაში დაგხვდებათ!!!

Thursday, July 29, 2010

ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის ახალი წიგნები!!!

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის კიდევ ორი ახალი წიგნი გამოსცა, რაც ძალიან დროული გადაწყვეტილებაა საზაფხულო არდადეგებისთვის. კალე ბლუმკვისტის თავგადასავლის განახლებული და შევსებული გამოცემები შესანიშნავი საჩუქარია ბავშვებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ წაიკითხავენ ამ შესანიშნავ წიგნებს, არამედ თავიდან ფეხებამდე გადაეშვებიან კალეს და მისი მეგობრების საინტერესო, ფათერაკებიან და თავგადასავლებიან სამყაროში.

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
ასტრიდ ლინდგრენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა:მაგარი
გვერდების რაოდენობა:176
ფასი: 11.50

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში...ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს.
კალესა და მის უახლოეს მეგობრებს, ანდრესსა და ევა-ლოტას, ”თეთრი ვარდების” სახელით შტაბი მოუწყვიათ და ”ალისფერ ვარდებთან” თავდაუზოგავი ომით ირთობენ თავს. ეს ნამდვილი ომი არ გეგონოს - საზაფხულო არდადეგებზე ერთი ჩვეულებრივი გასართობია.
ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს. მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.


დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის
ასტრიდ ლინდგრენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა:მაგარი
გვერდების რაოდენობა:176
ფასი:11.50

14 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში...ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს.
შესაძლოა გეგონოს, აბა, ასეთ პატარა და მიყრუებულ ადგილას საინტერესო რა უნდა მოხდესო. სხვათა შორის, ამ ქალაქის მცხოვრებლებსაც ასე ეგონათ მანამ...სანამ აქ საზარელი მკვლელობა არ მოხდა.
ჰოდა სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. მკვლელობის საქმე დეტექტივ კალე ბლუკვისტს აჰყავს პირად კონტროლზე, თუმცა გამოძიება გასაიდუმლოებულია და პოლიციის ძიების პარალელურად მიმდინარეობს. მიჰყევი ძიების კვალს და მიადევნე თვალი, როგორ იპოვის ნამდვილ დამნაშავეს 14 წლის დეტექტივი.


თუ დაინტერესდით და გსურთ კალე ბლუმკვისტის თავგადასავალის პირველი და მეორე ნაწილის შეძენა, ეს წიგნები ჩვენს წიგნების კალათაში დაგხვდებათ!!!
ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების მთავარი თვისება ის არის, რომ მათი თავგადასავლებით ყველა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან!!! ამ წიგნების წაკითხვისას არა მხოლოდ თქვენი შვილები, არამედ თქვენც კარგად გაერთობით!!!

Tuesday, July 27, 2010

ჰაგაკურე


ჰაგაკურე
ფოთლების ჩრდილში ნაამბობი
იამომოტო ცუნეტომო
გვერდების რაოდენობა:151
ყდა: რბილი
ფასი:14.00

წიგნის ავტორის შესახებ ”ჰაგაკურეს” წინასიტყვაობიდან შემდეგ ინფორმაციას ვიგებთ:
”იამამოტო ცუნეტომო 30 წლის განმავლობაში იყო ჰიზენის პროვინციის საგას სამფლობელოს მმართველის - ნაბეშიმა მიცუშიგეს სამურაი. 1700 წელს, როდესაც ნაბეშიმა მოკვდა, მის მემკვიდრესთან უთანხმოებების გამო, იამომოტომ მიატოვა თავადის კარი და განდეგილად ცხოვრობდა მთებში. ის საკუთარ შეხედულებებს სამურაის გზის შესახებ უყვებოდა მის მიმდევარ ახალგაზრდა სამურაის ცურამოტო ტაშიროს (1710-დან 1716 წლამდე). ბევრი მისი სენტენცია შეიცავს ილუსტრაციებს ნაბეშიმა მიცუშიგეს მამისა და ბაბუის ცხოვრებიდან. ცუნემოტოს გამონათქვამები ტაშირომ შეკრიბა 1716 წელს ”ჰაგაკურეს”სახელწოდებით. ”ჰაგაკურე” ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ნაბეშიმას კლანში და მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. დაახლოებით 1930 წლისთვის ის იქცა ბუშიდოს (მეომრის გზის) ყველაზე გავრცელებულ აღწერად.”

წიგნის მეშვეობით იაპონური კულტურის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, მათ შორის ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც სამურაებისა და იაპონური ტრადიციების შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. როგორც ”ჰაგაკურეს” წინასიტყვაობის ავტორი გიგი თევზაძე წერს:

”ვფიქრობ, ამ წიგნის კითხვით არა მარტო შეხვალთ იაპონურ კულტურაში, არამედ, გაიგებთ იმ გზავნილსაც, რომლის გადაცემაც სურდა ავტორს სამყაროსთვის. სამწუხაროდ, ამ გზავნილის შესახებ, ისევე, როგორც ბევრი სხვა ტექსტური გზავნილის შესახებ, ვერ გეტყვით, რომ ის ყოველთვის სწორად გაგებული და ადეკვატურად აღქმული იყო მათ მიერ, ვისაც ”ჰაგაკურე” საკუთარი, ან სხვისი ცხოვრების სახელმძღვანელოდ მიაჩნდა.”

Thursday, July 15, 2010

სათავგადასავლო წიგნების კვირის კალათა

ზაფხული ბავშვებისთვის თავგადასავლების სეზონია. თავგადასავლების სეზონი კი აუცილებლად სათავდაგასავლო წიგნებთან ერთად უნდა გაატარო! სწორედ ამიტომ, ამ კვირის კალათის წიგნებში მეკობრეებს, მებრძოლებს, დამალული განძეულის რუკებს და სხვა ათასგვარ საინტერესო რამეს წააწყდებით. იმაში, რომ წიგნები მართლაც საინტერესოა, მათი ანოტაციები და გარეკანის სურათებიც დაგარწმუნებთ!

მეკობრეები
გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა:მაგარი
ფასი:24.70

ყველაზე მამაცი და თავზეხელაღებული მეკობრე - კაპიტანი ჯეკი, უამბობს პატარებს, როგორ იპოვონ ჩამარხული განძი, ითამაშონ მეკობრეების თამაშები, იმღერონ ისე, როგორც მეკობრეებს სჩვევიათ და გამართონ მეკობრეების წვეულება.




მეომრები და გმირები
გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა:მაგარი
ფასი:24.70

წიგნის პერსონაჟები: ლილი და სანდრო პატარებს მეგზურობას გაუწევენ ისტორიაში და უამბობენ საინტერესო ამბებს მსოფლიოს უდიდეს მეომრებსა და გმირებზე: იულიუს კეისარზე, რომაულ ჯარზე, ვიკინგ ბერსერკერებსა და ძლევამოსილ ალექსანდრე დიდზე.




პირატოლოგია
ქარჩხაძის გამომცემლობა
ყდა: მაგარი
ფასი: 29.90


"ორიგინალურად ილუსტრირებული, ფათერაკებით სავსე ეს იდუმალი წიგნი, საუკეთესო საკითხავია თავგადასავლების მოყვარულთათვის. თვალი ვადევნოთ უდიდესი მეკობრეთმძებნელის - კაპიტან უილიამ ლაბერის - მოგზაურობას, დავათვალიეროთ მეკობრეთა დროშები, საზღვაოსნო რუკები და სანავიგაციო აღჭურვილობა; გავიგოთ როგორ აგვარებენ უთანხმოებას მეკობრეები და როგორ ლოცულობენ ბრძოლის წინ. საინტერესოა, სადამდე მიიყვანს კაპიტან ლაბერს ყველაზე მოუხელთებელი მეკობრის, ,,ზღვათა რისხვის”, არაბელა დრამონდისა და საგანძურის ძიება? გაჰყევი ხომალდებს შუაგულ ოკეანეში და გაიგე მეტი პირატების შესახებ!"


Monday, July 12, 2010

გემრიელი კვირის წიგნების კალათა

თუ გსურთ რომ ახალი, გემრიელი და ლამაზი კერძების გაკეთება ისწავლოთ, მაშინ ზუსტად ჩვენი წიგნის კალათის წიგნები დაგჭირდებათ. ზაფხულში დიდი ხნით გაზქურასთან ტრიალი არავის მოსწონს, ეს რეცეპტები კი იმაში დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი სწრაფად და მარტივად გააკეთოთ. ჩვენი კვირის კალათის წიგნები იმდენად მომხიბლავი სურათებით არის სავსე, რომ მათ ყიდვაზე უარის თქმა ძალიან გაგიჭირდებათ. ამაში მათი გარეკანის სურათები და ანოტაციებიც დაგარწმუნებთ!

საუზმე მარტივად
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 128
ფასი: 11.60

”ფიქრობთ, რომ გემრიელი საჭმელების მომზადება მხოლოდ გამოცდილ კულინარს შეუძლია?
ეს წიგნი საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. აქ თქვენ აღმოაჩენთ ორიგინალური და გემრიელი კერძების რეცეპტებს, რომელთა მარტივად და სწრაფად მომზადებას ნებისმიერი შეძლებს. თითოეულ რეცეპტს ერთვის შესანიშნავი ფოტო.
მოამზადეთ გემრიელი საუზმე, სადილი და ვახშამი ჩვენი წიგნის დახმარებით და დარწმუნდებით,
რომ კულინარობა მართლაც ძალიან ადვილია”


ამ სერიით გამოდის:
,,საუზმე მარტივად”
,,სადილი მარტივად”
,,ვახშამი მარტივად”


მხოლოდ 5 ინგრედიენტი
გემრიელი კერძები უმოკლეს დროში
პალიტრა L

ყდა: რბილი, ლამინირებული
გვერდების რაოდენობა: 704
ფასი: 30.00

”საკვების მომზადება ერთი მუჭა ინგრედიენტებით დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს, აგრეთვე, ნაცნობი საკვების აქამდე უცნობ გემოს შეგაგრძნობინებთ. სურათები სასურველი კერძისა თუ დესერტის უფრო ადვილად მომზადებაში დაგეხმარებათ.”



დიდი წიგნი ცხობისათვის
გემრიელი ნამცხვრები და პირის ჩასატკბარუნებლები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 240
ფასი: 28.00

მრავალფეროვანი არჩევანი
პატარ-პატარა ნამცხვრები და სადღესასწაულო ტორტები, პურ-ფუნთუშეული და პიცა - ამ წიგნში 250-ზე მეტი რეცეპტია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის.
სწრაფი და მარტივი რეცეპტები
აქ ნახავთ 100-ზე მეტ ისეთ რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მაქსიმუმ 10 ინგრედიენტი და სულ 10 წუთი დაგჭირდებათ.
სადღესასწაულო ნამცხვრები
შობა და ახალი წელი, დაბადების დღე და წვეულება – ეს წიგნი სადღესასწაულო ნამცხვრების დიდ არჩევანს გთავაზობთ.
სასარგებლო რჩევები
დამატებით მიიღებთ უამრავ სასარგებლო რჩევასა და საინტერესო ინფორმაციას.”




დესერტი და სასმელები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 64
ფასი: 5.80

”კულინარული წიგნების სერია ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეხმარებათ, გაიგოთ საჭმლის გემრიელად კეთების უამრავი საიდუმლო.
რეალისტური ფოტოები ნებისმიერი კერძის, სალათისა თუ დესერტის მომზადებას გაგიადვილებთ და ამ პროცესს თქვენთვის საყვარელ საქმიანობად გადააქცევს.
დაეუფლეთ კულინარულ ხელოვნებას ნაბიჯ-ნაბიჯ!”


ამ სერიით გამოდის:
,,ოჯახური სადილები”
,,სალათები და საუზმეული”
,,,თევზი და ბოსტნეული”
,,დესერტი და სასმელები”
,,სადღესასწაულო დესერტი”
,,სადღესასწაულო კერძები”

Friday, June 25, 2010

ფეხბურთი, ფეხბურთი და კიდევ ერთხელ ფეხბურთი!

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო ძალიან ბევრ ადამიანს წიგნებისთვის აღარ სცალია, თუმცა თუ თქვენი შვილი ფეხბურთით არის გატაცებული, მაშინ ძალიან კარგი საშუალება გაქვთ, რომ ის ამავდროულად წიგნებითაც დააინტერესოთ! ალბათ მიხვდით, რომ ჩვენი კვირის კალათის წიგნებიც თემაც ამჯერად სწორედ ფეხბურთია. ტრადიციულად გთავაზობთ მათი გარეკანის სურათებს და ანოტაციებს.

ისწავლე ფეხბურთი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

”ისწავლე ფეხბურთი” პატარა ფეხბურთის მოყვარულებს ფეხბურთის სხვადასხვა ტაქტიკას და წესებს აცნობს და კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის ვარჯიშებსაც სთავაზობს.

თუ გსურს, გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი:

* გულდასმით წაიკითხე ეს პატარა წიგნი;
* ყურადღებით დააკვირდი თითოეულ ილუსტრაციას;
* დაუზარებლად შეასრულე სახალისო სავარჯიშოები;
* გაითვალისწინე წიგნში მოცემული პრაქტიკული რჩევები;

შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს - ისწავლი ფეხბურთს!




ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა
პალიტრა L

”ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა”
ფეხბურთის მოყვარულებს საფეხბურთო ტექნიკას, ვარჯიშებს, ფეხბურთის ისტორიას გააცნობს და გარდა თვითონ წიგნისა სთავაზობს დისკს, რომელზეც ჩაწერილია ვარჯიშები ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელის მაიკლ პეტერსენის მეთვალყურეობით.

თქვენ ხართ ის ბავშვი, ვისაც ფეხბურთი უყვარს? მაშინ ”ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა” დაგეხმარებათ ივარჯიშოთ ისე, როგორც ვარჯიშობდნენ მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები. ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი მაიკლ პეტერსენი გაგაცნობთ ფეხბურთის სავარჯიშოებს, რომლებიც მომავალმა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს. წიგნში მრავლადაა სხვადასხვა სავარჯიშო, რომლებიც ოსტატობის დახვეწაში დაგეხმარებათ (როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფთან ერთად ვარჯიშისას). ”ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა” კარგი მეგზურია ფეხბურთის წესების, ისტორიისა და ტაქტიკის გასაცნობადაც. იყავით მზად და მიიღეთ სიამოვნება ფეხბურთისაგან!



ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 1
თავდამსხმელი ლეონი


ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 2
ქარბორბალა ფელიქსი


ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ფეხბურთელი ბიჭების შესახებ დაწერილი ამ ორი ტომის ავტორია იოახიმ მასანეკი, რომელსაც როგორც წიგნიდან ვიგებთ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. რაც ყველაზე მთავარია, არის ძალიან მაგარი ბიჭების ნამდვილი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი და ორი ფეხბურთელის - მარლონისა და ლეონის მამა. ფეხბუთელი შვილები ჰყავს ამ წიგნების მხატვარსაც - იან ბირკის. აი, როგორ გამოიყურებიან მის მიერ დახატული ძალიან მაგარი ბიჭები:



ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 1
თავდამსხმელი ლეონი


შვიდი მეგობარი, რომლებისთვისაც სიცოცხლე და ფეხბურთი თანაბრად ძვირფასია, სააღდგომო არდადეგების დროს სულმოუთქმელად ელის კარგ ამინდს - ეს ხომ საფეხბურთო სეზონის გახსნის ნიშანი იქნება. მაგრამ თოვლის გადნობისთანავე მათ მოედანს მქელი მიხი და მისი დაუმარცხებელი გამარჯვებულები ეუფლებიან. მაგარი ბიჭები მათ არ ეპუებიან. ისინი მოწინააღმდეგეს ბრძოლაში იწვევენ - მოედანი ამ გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებულს უნდა დარჩეს. მაგრამ როგორ უნდა მოუგონ ამ ჯანიან და თან უფროს ბიჭებს? ლეონი ყველას გამარჯვების იმედს უღვივებს, და ისინი პოულობენ ვილის, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, რომელიც მათ წვრთნას მიჰყოფს ხელს. მაგარი ფეხბურთელი ბიჭები გამარჯვებისთვის იბრძვიან!


ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 2
ქარბორბალა ფელიქსი


ფელიქსს ახალი კლასელი ჰყავს - როკე, ბრაზილიური ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავის შვილი. თავიდან ფელიქსი უნდობლად უყურებს ქედმაღალ თანაკლასელს, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით ხვდება. მაგრამ როკე ფელიქსს დაარწმუნებს იმაში, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელიცაა და მხოლოდ ძალიან მაგარი ბიჭების გუნდში უნდა თამაში. ერთ მშვენიერ დღეს როკე ვარჯიშზე არ გამოცხადდება - მამამისი მას ქუჩის ფეხბურთის გუნდის წევრობას უკრძალავს. მისმა ვაჭმა მხოლოდ ”ბაიერნში” უნდა ითამაშოს! მაგარი ბიჭები გაცხარდებიან, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდება: იწერება გუნდის წესდება, შეკვეთილია ფორმები და მაგარი ვარჯიშიც იწყება - ძალიან მაგარი ბიჭები გამოწვევას უგზავნიან ”ბაიერნს”!



თუ უკვე გაეცანით წიგნების ანოტაციებს და გსურთ მათი ყიდვა, მობრძანდით, წიგნები ლიგამუსის წიგნის კალათაში დაგხვდებათ!!!

Tuesday, June 15, 2010

კვირის წიგნები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟურნალმა ”ტაბულამ” რამდენიმე გამომცემლობას შესთავაზა, რომ მათი 2010 წლის გამოცემებიდან თითო საბავშვო წიგნი დაესახელებინათ, რომელიც მათი აზრით, საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა პატარებისთვის. გადავწყიტეთ, რომ ჩვენი ”კვირის წიგნების კალათაც” სწორედ ამ პრინციპით შეგვევსო. ჩვენი წიგნის კალათისთვის ოთხი გამომცემლობის რჩეული წიგნი შევარჩიეთ. ტრადიციულად წარმოგიდგენთ მათი გარეკანის სურათებს და თანდართულ ანოტაციებს. გარდა ამისა, გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალიდან ”ტაბულა”, სადაც გამომცემლობების წარმომადგენლები თავად განმარტავენ, თუ რატომ აირჩიეს სწორედ ეს წიგნი. (ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 62-63 გვ.)

ემილის თავგადასავალი
ასტრიდ ლინდგრენი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა


”ემილ სვენსონი პატარა ბიჭია, რომელიც ერთ პატარა შვედურ ხუტორში ცხოვრობს მშობლებთან და დაიკო იდასთან ერთად. ემილი ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, სკოლაშიც კი არ დადის, თუმცა ისეთი ონავარია, რომ მთელ ლენებერგაში, ლენებერგა რაა, მთელ სმოლანდში, სმოლანდში კი არა, მთელ შვედეთშია ცნობილი. წაიკითხე ეს ძალიან სასაცილო თავგადასავალი, რომელიც ემილის დედიკომ გულდასმით აღწერა თავის ლურჯ რვეულებში და ის აუცილებლად შენი საყვარელი წიგნი გახდება.”




ბაკურ სულაკაური (გამომცემლობის დირექტორი)
”საბავშვო პროდუქცია წიგნის ბიზნესში მართლაც ყველაზე აქტუალურია, თუმცა, აქაც ერთგვარი დიფერენციაცია არსებობს - უმეტეს მათგანში ილუსტრაცია ჭარბობს. ჩვენს დღევანდელ საჩუქარში წინა პლანზე ტექსტი დგას - გთავაზობთ ყველა თაობის საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს. მისი ხელმეორედ გამოცემა გადავწყვიტეთ თუნდაც იმიტომ, რომ რაკი თავის დროზე რუსულიდან ითარგმნა, გადმოღებული იყო რუსულად თარგმნილი გეოგრაფიული სახელები. მაგალითად, ეწერა ლიონებერგელი და არა ლენებერგელი. ტექსტი ორიგინალს შეადარა და გამოტოვებული ადგილები შეავსო თამარ მაისურაძემ.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 62 გვ.)

მტაცებლები

ჯოან სეიდენსტიკერი, სიუზან ლამპკინი
პალიტრა L

”ეს წიგნი საინტერესოდ და სრულიად ახლებურად გვაცნობს მტაცებლებს. მასში გასაგებად და საინტერესოდ არის განხილული მტაცებელი ცხოველების თავისებურებანი. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მტაცებელთა შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.”



ქეთი ჭეიშვილი (გამომცემლობის დირექტორი)
”ეს პალიტრა L -ის სერია საყმაწვილო ბიბლიოთეკის გამოცემათაგანია, თვეში ერთხელ გამოდის და აქციის ფარგლებში, კვირის პალიტრასთან ერთად, 15 ლარი ღირს, მაღაზიებში - 20 ლარი. ეს სერია არამხატვრულ, შემეცნებით გამოცემებს ითვალისწინებს, ერთგვარი ენციკლოპედიაა. უშულაოდ ეს წიგნი მტაცებლებზე, მათ კატეგორიებზეა. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მათ შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 63 გვ.)

ჩემი პირველი ჯიგსოები
შემდგენელი - პეტ ჰეგარტი
ლოგოს პრესი

”პატარებს ძალიან შეუყვარდებათ ჯიგსოების, ანუ ნახატი-გამოცანების შეერთება ფაზლების ამ ჯადოსნურ წიგნში. მასში 30 მიმზიდველად ილუსტრირებული ჯიგსოა, რომლებიც ფერების, ფორმებისა და საპირისპირო ცნებების მისადაგების უნარებს ავითარებს.”


მაია ბერაია (საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი)
”თქვენს წინაშა წიგნი და სათამაშო ერთად. ის შედგება ფაზლებისაგან. დაშლის და აწყობის პრინციპი ბავშვს ეხმარება, რომ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შესატყვისი მოუძებნოს პირველ ნახევარს. ვფიქრობთ, ამ ფაქტით ყველა მშობელი დაინტერესდება. წიგნი ტონი პოტერის გამომცემლობასთან ერთად გამოვეცით.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, გვ.63)


ანბანი
მხიარული ლექსებით და გამოცანებით
სიესტა

მხიარული ანბანი ბარათების სახითაა დაბეჭდილი და თან ახლავს ბავშვებისთვის საყვარელი ხალხური, ვაჟა ფშაველას, გივი ჭიჭინაძის, მორის ფოცხიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი წერეთლის, ალეკო შენგელიას, მზია ჩხეტიანის, მარიამ წიკლაურის, ირმა მალაციძის, ვასო გულეურის, გიორგი კეკელიძის, ნათია ჯანაშიას საუკეთესო ლექსები და გამოცანები.

ქეთი კიღურაძე (გამომცემლობის დირექტორი)

”ჩვენი ერთ-ერთი კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ სკოლაში წამსვლელი ბავშვებისთვის მოსახერხებელი ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვება. ვიფიქრეთ, როგორ მიგვეწოდებინა მათთვის ქართული ანბანი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მარტივი ბარათები. ამოვარჩიეთ სიტყვები და მივუსადაგეთ სხვადასხვა ავტორის ლექსები და გამოცანები მაია მაჩალაძის შესანიშნავი ილუსტრაციებით. ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო საქმე გამოვიდა - უკვე უამრავი ადამიანი დაინტერესდა.” (ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, გვ.62)