ზაფხული ბავშვებისთვის თავგადასავლების სეზონია. თავგადასავლების სეზონი კი აუცილებლად სათავდაგასავლო წიგნებთან ერთად უნდა გაატარო! სწორედ ამიტომ, ამ კვირის კალათის წიგნებში მეკობრეებს, მებრძოლებს, დამალული განძეულის რუკებს და სხვა ათასგვარ საინტერესო რამეს წააწყდებით. იმაში, რომ წიგნები მართლაც საინტერესოა, მათი ანოტაციები და გარეკანის სურათებიც დაგარწმუნებთ!
მეკობრეები გამომცემლობა: პალიტრა L ყდა:მაგარი ფასი:24.70
ყველაზე მამაცი და თავზეხელაღებული მეკობრე - კაპიტანი ჯეკი, უამბობს პატარებს, როგორ იპოვონ ჩამარხული განძი, ითამაშონ მეკობრეების თამაშები, იმღერონ ისე, როგორც მეკობრეებს სჩვევიათ და გამართონ მეკობრეების წვეულება.
მეომრები და გმირები გამომცემლობა: პალიტრა L ყდა:მაგარი ფასი:24.70
წიგნის პერსონაჟები: ლილი და სანდრო პატარებს მეგზურობას გაუწევენ ისტორიაში და უამბობენ საინტერესო ამბებს მსოფლიოს უდიდეს მეომრებსა და გმირებზე: იულიუს კეისარზე, რომაულ ჯარზე, ვიკინგ ბერსერკერებსა და ძლევამოსილ ალექსანდრე დიდზე.
პირატოლოგია ქარჩხაძის გამომცემლობა ყდა: მაგარი ფასი: 29.90
"ორიგინალურად ილუსტრირებული, ფათერაკებით სავსე ეს იდუმალი წიგნი, საუკეთესო საკითხავია თავგადასავლების მოყვარულთათვის. თვალი ვადევნოთ უდიდესი მეკობრეთმძებნელის - კაპიტან უილიამ ლაბერის - მოგზაურობას, დავათვალიეროთ მეკობრეთა დროშები, საზღვაოსნო რუკები და სანავიგაციო აღჭურვილობა; გავიგოთ როგორ აგვარებენ უთანხმოებას მეკობრეები და როგორ ლოცულობენ ბრძოლის წინ. საინტერესოა, სადამდე მიიყვანს კაპიტან ლაბერს ყველაზე მოუხელთებელი მეკობრის, ,,ზღვათა რისხვის”, არაბელა დრამონდისა და საგანძურის ძიება? გაჰყევი ხომალდებს შუაგულ ოკეანეში და გაიგე მეტი პირატების შესახებ!"
თუ გსურთ რომ ახალი, გემრიელი და ლამაზი კერძების გაკეთება ისწავლოთ, მაშინ ზუსტად ჩვენი წიგნის კალათის წიგნები დაგჭირდებათ. ზაფხულში დიდი ხნით გაზქურასთან ტრიალი არავის მოსწონს, ეს რეცეპტები კი იმაში დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი სწრაფად და მარტივად გააკეთოთ. ჩვენი კვირის კალათის წიგნები იმდენად მომხიბლავი სურათებით არის სავსე, რომ მათ ყიდვაზე უარის თქმა ძალიან გაგიჭირდებათ. ამაში მათი გარეკანის სურათები და ანოტაციებიც დაგარწმუნებთ!
საუზმე მარტივად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: მაგარი გვერდების რაოდენობა: 128 ფასი: 11.60
”ფიქრობთ, რომ გემრიელი საჭმელების მომზადება მხოლოდ გამოცდილ კულინარს შეუძლია? ეს წიგნი საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. აქ თქვენ აღმოაჩენთ ორიგინალური და გემრიელი კერძების რეცეპტებს, რომელთა მარტივად და სწრაფად მომზადებას ნებისმიერი შეძლებს. თითოეულ რეცეპტს ერთვის შესანიშნავი ფოტო. მოამზადეთ გემრიელი საუზმე, სადილი და ვახშამი ჩვენი წიგნის დახმარებით და დარწმუნდებით, რომ კულინარობა მართლაც ძალიან ადვილია”
ამ სერიით გამოდის: ,,საუზმე მარტივად” ,,სადილი მარტივად” ,,ვახშამი მარტივად”
მხოლოდ 5 ინგრედიენტი გემრიელი კერძები უმოკლეს დროში პალიტრა L
”საკვების მომზადება ერთი მუჭა ინგრედიენტებით დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს, აგრეთვე, ნაცნობი საკვების აქამდე უცნობ გემოს შეგაგრძნობინებთ. სურათები სასურველი კერძისა თუ დესერტის უფრო ადვილად მომზადებაში დაგეხმარებათ.”
დიდი წიგნი ცხობისათვის გემრიელი ნამცხვრები და პირის ჩასატკბარუნებლები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: მაგარი გვერდების რაოდენობა: 240 ფასი: 28.00
”მრავალფეროვანი არჩევანი პატარ-პატარა ნამცხვრები და სადღესასწაულო ტორტები, პურ-ფუნთუშეული და პიცა - ამ წიგნში 250-ზე მეტი რეცეპტია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის. სწრაფი და მარტივი რეცეპტები აქ ნახავთ 100-ზე მეტ ისეთ რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მაქსიმუმ 10 ინგრედიენტი და სულ 10 წუთი დაგჭირდებათ. სადღესასწაულო ნამცხვრები შობა და ახალი წელი, დაბადების დღე და წვეულება – ეს წიგნი სადღესასწაულო ნამცხვრების დიდ არჩევანს გთავაზობთ. სასარგებლო რჩევები დამატებით მიიღებთ უამრავ სასარგებლო რჩევასა და საინტერესო ინფორმაციას.”
დესერტი და სასმელები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი გვერდების რაოდენობა: 64 ფასი: 5.80
”კულინარული წიგნების სერია ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეხმარებათ, გაიგოთ საჭმლის გემრიელად კეთების უამრავი საიდუმლო. რეალისტური ფოტოები ნებისმიერი კერძის, სალათისა თუ დესერტის მომზადებას გაგიადვილებთ და ამ პროცესს თქვენთვის საყვარელ საქმიანობად გადააქცევს. დაეუფლეთ კულინარულ ხელოვნებას ნაბიჯ-ნაბიჯ!”
ამ სერიით გამოდის: ,,ოჯახური სადილები” ,,სალათები და საუზმეული” ,,,თევზი და ბოსტნეული” ,,დესერტი და სასმელები” ,,სადღესასწაულო დესერტი” ,,სადღესასწაულო კერძები”
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო ძალიან ბევრ ადამიანს წიგნებისთვის აღარ სცალია, თუმცა თუ თქვენი შვილი ფეხბურთით არის გატაცებული, მაშინ ძალიან კარგი საშუალება გაქვთ, რომ ის ამავდროულად წიგნებითაც დააინტერესოთ! ალბათ მიხვდით, რომ ჩვენი კვირის კალათის წიგნებიც თემაც ამჯერად სწორედ ფეხბურთია. ტრადიციულად გთავაზობთ მათი გარეკანის სურათებს და ანოტაციებს.
ისწავლე ფეხბურთი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
”ისწავლე ფეხბურთი” პატარა ფეხბურთის მოყვარულებს ფეხბურთის სხვადასხვა ტაქტიკას და წესებს აცნობს და კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის ვარჯიშებსაც სთავაზობს.
”თუ გსურს, გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი:
* გულდასმით წაიკითხე ეს პატარა წიგნი; * ყურადღებით დააკვირდი თითოეულ ილუსტრაციას; * დაუზარებლად შეასრულე სახალისო სავარჯიშოები; * გაითვალისწინე წიგნში მოცემული პრაქტიკული რჩევები;
შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს - ისწავლი ფეხბურთს!”
ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა პალიტრა L ”ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა” ფეხბურთის მოყვარულებს საფეხბურთო ტექნიკას, ვარჯიშებს, ფეხბურთის ისტორიას გააცნობს და გარდა თვითონ წიგნისა სთავაზობს დისკს, რომელზეც ჩაწერილია ვარჯიშები ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელის მაიკლ პეტერსენის მეთვალყურეობით.
”თქვენ ხართ ის ბავშვი, ვისაც ფეხბურთი უყვარს? მაშინ ”ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა” დაგეხმარებათ ივარჯიშოთ ისე, როგორც ვარჯიშობდნენ მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები. ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი მაიკლ პეტერსენი გაგაცნობთ ფეხბურთის სავარჯიშოებს, რომლებიც მომავალმა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს. წიგნში მრავლადაა სხვადასხვა სავარჯიშო, რომლებიც ოსტატობის დახვეწაში დაგეხმარებათ (როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფთან ერთად ვარჯიშისას). ”ფეხბურთი,ვარჯიში და ოსტატობა” კარგი მეგზურია ფეხბურთის წესების, ისტორიისა და ტაქტიკის გასაცნობადაც. იყავით მზად და მიიღეთ სიამოვნება ფეხბურთისაგან!”
ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 1 თავდამსხმელი ლეონი
ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 2 ქარბორბალა ფელიქსი
ქართული ბიოგრაფიული ცენტრი
ფეხბურთელი ბიჭების შესახებ დაწერილი ამ ორი ტომის ავტორია იოახიმ მასანეკი, რომელსაც როგორც წიგნიდან ვიგებთ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. რაც ყველაზე მთავარია, არის ძალიან მაგარი ბიჭების ნამდვილი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი და ორი ფეხბურთელის - მარლონისა და ლეონის მამა. ფეხბუთელი შვილები ჰყავს ამ წიგნების მხატვარსაც - იან ბირკის. აი, როგორ გამოიყურებიან მის მიერ დახატული ძალიან მაგარი ბიჭები:
ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 1 თავდამსხმელი ლეონი
”შვიდი მეგობარი, რომლებისთვისაც სიცოცხლე და ფეხბურთი თანაბრად ძვირფასია, სააღდგომო არდადეგების დროს სულმოუთქმელად ელის კარგ ამინდს - ეს ხომ საფეხბურთო სეზონის გახსნის ნიშანი იქნება. მაგრამ თოვლის გადნობისთანავე მათ მოედანს მქელი მიხი და მისი დაუმარცხებელი გამარჯვებულები ეუფლებიან. მაგარი ბიჭები მათ არ ეპუებიან. ისინი მოწინააღმდეგეს ბრძოლაში იწვევენ - მოედანი ამ გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებულს უნდა დარჩეს. მაგრამ როგორ უნდა მოუგონ ამ ჯანიან და თან უფროს ბიჭებს? ლეონი ყველას გამარჯვების იმედს უღვივებს, და ისინი პოულობენ ვილის, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, რომელიც მათ წვრთნას მიჰყოფს ხელს. მაგარი ფეხბურთელი ბიჭები გამარჯვებისთვის იბრძვიან!”
ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები 2 ქარბორბალა ფელიქსი
”ფელიქსს ახალი კლასელი ჰყავს - როკე, ბრაზილიური ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავის შვილი. თავიდან ფელიქსი უნდობლად უყურებს ქედმაღალ თანაკლასელს, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით ხვდება. მაგრამ როკე ფელიქსს დაარწმუნებს იმაში, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელიცაა და მხოლოდ ძალიან მაგარი ბიჭების გუნდში უნდა თამაში. ერთ მშვენიერ დღეს როკე ვარჯიშზე არ გამოცხადდება - მამამისი მას ქუჩის ფეხბურთის გუნდის წევრობას უკრძალავს. მისმა ვაჭმა მხოლოდ ”ბაიერნში” უნდა ითამაშოს! მაგარი ბიჭები გაცხარდებიან, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდება: იწერება გუნდის წესდება, შეკვეთილია ფორმები და მაგარი ვარჯიშიც იწყება - ძალიან მაგარი ბიჭები გამოწვევას უგზავნიან ”ბაიერნს”!”
თუ უკვე გაეცანით წიგნების ანოტაციებს და გსურთ მათი ყიდვა, მობრძანდით, წიგნები ლიგამუსის წიგნის კალათაში დაგხვდებათ!!!
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟურნალმა ”ტაბულამ” რამდენიმე გამომცემლობას შესთავაზა, რომ მათი 2010 წლის გამოცემებიდან თითო საბავშვო წიგნი დაესახელებინათ, რომელიც მათი აზრით, საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა პატარებისთვის. გადავწყიტეთ, რომ ჩვენი ”კვირის წიგნების კალათაც” სწორედ ამ პრინციპით შეგვევსო. ჩვენი წიგნის კალათისთვის ოთხი გამომცემლობის რჩეული წიგნი შევარჩიეთ. ტრადიციულად წარმოგიდგენთ მათი გარეკანის სურათებს და თანდართულ ანოტაციებს. გარდა ამისა, გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალიდან ”ტაბულა”, სადაც გამომცემლობების წარმომადგენლები თავად განმარტავენ, თუ რატომ აირჩიეს სწორედ ეს წიგნი. (ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 62-63 გვ.)
ემილის თავგადასავალი ასტრიდ ლინდგრენი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
”ემილ სვენსონი პატარა ბიჭია, რომელიც ერთ პატარა შვედურ ხუტორში ცხოვრობს მშობლებთან და დაიკო იდასთან ერთად. ემილი ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, სკოლაშიც კი არ დადის, თუმცა ისეთი ონავარია, რომ მთელ ლენებერგაში, ლენებერგა რაა, მთელ სმოლანდში, სმოლანდში კი არა, მთელ შვედეთშია ცნობილი. წაიკითხე ეს ძალიან სასაცილო თავგადასავალი, რომელიც ემილის დედიკომ გულდასმით აღწერა თავის ლურჯ რვეულებში და ის აუცილებლად შენი საყვარელი წიგნი გახდება.”
ბაკურ სულაკაური (გამომცემლობის დირექტორი)
”საბავშვო პროდუქცია წიგნის ბიზნესში მართლაც ყველაზე აქტუალურია, თუმცა, აქაც ერთგვარი დიფერენციაცია არსებობს - უმეტეს მათგანში ილუსტრაცია ჭარბობს. ჩვენს დღევანდელ საჩუქარში წინა პლანზე ტექსტი დგას - გთავაზობთ ყველა თაობის საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს. მისი ხელმეორედ გამოცემა გადავწყვიტეთ თუნდაც იმიტომ, რომ რაკი თავის დროზე რუსულიდან ითარგმნა, გადმოღებული იყო რუსულად თარგმნილი გეოგრაფიული სახელები. მაგალითად, ეწერა ლიონებერგელი და არა ლენებერგელი. ტექსტი ორიგინალს შეადარა და გამოტოვებული ადგილები შეავსო თამარ მაისურაძემ.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 62 გვ.)
მტაცებლები ჯოან სეიდენსტიკერი, სიუზან ლამპკინი პალიტრა L
”ეს წიგნი საინტერესოდ და სრულიად ახლებურად გვაცნობს მტაცებლებს. მასში გასაგებად და საინტერესოდ არის განხილული მტაცებელი ცხოველების თავისებურებანი. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მტაცებელთა შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.”
ქეთი ჭეიშვილი (გამომცემლობის დირექტორი) ”ეს პალიტრა L -ის სერია საყმაწვილო ბიბლიოთეკის გამოცემათაგანია, თვეში ერთხელ გამოდის და აქციის ფარგლებში, კვირის პალიტრასთან ერთად, 15 ლარი ღირს, მაღაზიებში - 20 ლარი. ეს სერია არამხატვრულ, შემეცნებით გამოცემებს ითვალისწინებს, ერთგვარი ენციკლოპედიაა. უშულაოდ ეს წიგნი მტაცებლებზე, მათ კატეგორიებზეა. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მათ შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, 63 გვ.) ჩემი პირველი ჯიგსოები შემდგენელი - პეტ ჰეგარტი ლოგოს პრესი
”პატარებს ძალიან შეუყვარდებათ ჯიგსოების, ანუ ნახატი-გამოცანების შეერთება ფაზლების ამ ჯადოსნურ წიგნში. მასში 30 მიმზიდველად ილუსტრირებული ჯიგსოა, რომლებიც ფერების, ფორმებისა და საპირისპირო ცნებების მისადაგების უნარებს ავითარებს.”
მაია ბერაია (საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი)
”თქვენს წინაშა წიგნი და სათამაშო ერთად. ის შედგება ფაზლებისაგან. დაშლის და აწყობის პრინციპი ბავშვს ეხმარება, რომ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შესატყვისი მოუძებნოს პირველ ნახევარს. ვფიქრობთ, ამ ფაქტით ყველა მშობელი დაინტერესდება. წიგნი ტონი პოტერის გამომცემლობასთან ერთად გამოვეცით.”(ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, გვ.63)
ანბანი მხიარული ლექსებით და გამოცანებით სიესტა
მხიარული ანბანი ბარათების სახითაა დაბეჭდილი და თან ახლავს ბავშვებისთვის საყვარელი ხალხური, ვაჟა ფშაველას, გივი ჭიჭინაძის, მორის ფოცხიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი წერეთლის, ალეკო შენგელიას, მზია ჩხეტიანის, მარიამ წიკლაურის, ირმა მალაციძის, ვასო გულეურის, გიორგი კეკელიძის, ნათია ჯანაშიას საუკეთესო ლექსები და გამოცანები.
ქეთი კიღურაძე (გამომცემლობის დირექტორი)
”ჩვენი ერთ-ერთი კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ სკოლაში წამსვლელი ბავშვებისთვის მოსახერხებელი ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვება. ვიფიქრეთ, როგორ მიგვეწოდებინა მათთვის ქართული ანბანი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მარტივი ბარათები. ამოვარჩიეთ სიტყვები და მივუსადაგეთ სხვადასხვა ავტორის ლექსები და გამოცანები მაია მაჩალაძის შესანიშნავი ილუსტრაციებით. ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო საქმე გამოვიდა - უკვე უამრავი ადამიანი დაინტერესდა.” (ტაბულა, საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან, #13, გვ.62)
ამჯერად ჩვენი ”კვირის წიგნების კალათის” წიგნები წარსულზე მოგვითხრობენ. ტრადიციულად გაწვდით მათ მოკლე ანოტაციებსა და გარეკანის ფოტოებს.
1728 წლის "თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი"( წიგნი I, კავკასიისა და აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი)აღმოსავლეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილიებით გამოსაცემად მოამზადეს აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ და პროფესორმა ნოდარ შენგელიამ.
”1728 წლის "თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი"ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა აღმოსავლეთ საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ხალხთა არაერთი საკითხის შესასწავლად. მას, როგორც წყაროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკური, ლინგვისტური, ონომასტიკური, ისტორიული გეოგრაფიისა და სხვა საკითხების შესასწავლად. ” ”სამი ოსმალური წყარო თბილისის ისტორიისათვის (1730-1732 წლები)” გვაცნობს სამ დოკუმენტს, რომლებიც სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში ინახება. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონითა და ფაქსიმილიებით გამოსაცემად მოამზადა პროფესორმა ნოდარ შენგელიამ. (აღმოსავლეთისა და კავკასიის კვლევითი ცენტრი)
”ნაშრომში პირველად ქვეყნდება სტამბოლის მინისტრათა საბჭოს არქივში დაცული დოკუმენტური წყაროების მცირე ნაწილი თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესახებ XVIII საუკუნის 30-იან წლებში. . . იგი დიდ სამსახურს გაუწევს ოსმალეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობებისა და განსაკუთრებით თბილისის ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართ.”
”ძველი საქართველო” არის ”ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის” ფოტოალბომი, რომელშიც პორტრეტები და თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ფოტოებია წარმოდგენილი. ფოტოების უმრავლესობა ექვთიმე თაყაიშვილის არქივიდან არის შერჩეული.
დავით კაციტაძის ”ირანის ისტორია (III-XVIII საუკუნეები)” ირანის ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. (გამომცემლობა ”ჰოროსი XXI”)
”წიგნში განხილულია III-XVIII სს. ირანის ისტორიის უმთავრესი საკითხები: ირანის პოლიტიკური, სოციალურ ეკონომიკური და კულტურის ისტორია, მისი ურთიერთობა რომთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან, არაბთა სახალიფოებთან, თურქეთთან, დასავლეთ ევროპის, შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი ირან-საქართველოს ურთიერთობების წარმოჩენას. წიგნში ნაჩვენებია აგრეთვე ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში.”
ტული აშორდიას წიგნი ”სოლომონ აშორდია -ზუგდიდელი ქართველი ავანტიურისტის თავგადასავალი” (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა) მოგვითხრობს ცნობილი ქართველი ავანტიურისტის შესახებ. ”მსოფლიოს ისტორიული მისტიფიკატორების ნუსხაში თავისი ადგილი უკავია ერთ ნიჭიერ ქართველს - ავანტიურისტ სოლომონ აშორდიას. ყალბი საბუთების შეგდენის სფეროში სოლომონ აშორდია ყველაზე გამოცდილი და გამოჩენილი მოღვაწე იყო. მე-19 საუკუნის მიწურულს, მისი შემწეობით, ქუთაისის გუბერნიის ორი ათასამდე მცხოვრებმა მიიღო თავადისა და აზნაურის ღირსებები.”
2010 წლის წიგნის ფესტივალი ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ინტერესდება სამეცნიერო ლიტერატურით. დღეს წიგნის კალათა სულ ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნებით არის სავსე. შევარჩიეთ წიგნები, რომელებმაც წიგნის ფესტივალზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. შეიძლება ზოგი წიგნი თქვენთვის უკვე ცნობილია, რამდენიმე კი სულ ახალია. იმისთვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ამ წიგნებზე, ყდების სურათებთან ერთად მოკლე ანოტაციებსაც დავურთავთ, რომლებიც ამ წიგნებშია განთავსებული.
სტატიების კრებული - ”სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები”. ”სტატიების კრებული შეიცავს ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს, სადაც განხილულია სეკულარიზაციის რაობა, მისი ეტაპები, მისი გამოვლინებების გზები და მიმართულებები როგორც ევროპულ-ამერიკულ სივრცეში, ისე ჩვენთან - საქართველოში. სტატიების ავტორები არა მარტო სხვადასხვა თაობას და ჰუმანიტარულ თუ სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგს განეკუთვნებიან, არამედ მათ, ამავე დროს, განასხვავებს პოზიცია და ხედვის არჩეული თვალსაწიერი, ასევე, კვლევის მასალა, მეთოდი თუ სტილი. შესაბამისად, კრებული ასახავს სეკულარიზაციის საკითხთა მიმართ ერთმანეთისაგან განსხვავებულ და არაერთგვაროვან მიდგომებს.” გიორგი ანჩაბაძე - ”საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე)”. ”წიგნში თავმოყრილია ავტორის შრომები, მიძღვნილი საქართველოს სამხედრო ისტორიის პრობლემებისადმი. . . კრებულში შეტანილ სტატიებში წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის თითქმის ყველა ასპექტი - შეიარაღებული ძალების ხასიათი და მათი ორგანიზაცია, ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, სამხედრო-თეორიული აზრის განვითარება, სამხედრო ეთიკა, სამხედრო-ისტორიული წყაროთმცოდნეობა და სხვ. აქვეა ორიგინალური რუკები და სქემები. სტატიები დაწყობილია ქრონოლოგიურად: წინაფეოდალური და ფეოდალური ეპოქების ამსახველი მასალა, 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახასიათება. კრებული მთავრდება საქართველოს ომების ქრონოლოგიური ნუსხით. წიგნი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. იგი გამოადგება აგრეთვე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ისტორიკოსებს, ისტორიის მასწავლებლებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და, საერთოდ საქართველოს წარსულით დაინტერესებულ ფართო მკითხველ საზოგადოებას.” ”ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები”(ავტორები სტივენ პ. რობინსი და ტიმოთი ა. ჯაჯი). წიგნში განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები, პიროვნული თვისებები და ფასეულობები, ჯგუფური ქცევის საფუძვლები, ძალაუფლება და პოლიტიკა, ორგანიზაციის სტრუქტურის საფუძვლები და სხვა.
წიგნის ფესტივალის სტუმართა ინტერესი გამოიწვია სტივენ ჰოუკინგის ”დროის მოკლე ისტორიამ”. ”სტივენ ჰოუკინგმა, თეორიული ფიზიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომაგდენელმა, თანამედროვე კლასიკის ამ ნიმუშით დიდი სამსახური გაუწია ადამიანებს, რომლებიც მეცნიერები არ არიან, ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემაში, როგორიცაა: როგორ და რატომ გაჩნდა სამყარო? აქვს თუ არა მას დასასრული და თუ აქვს, როგორი იქნება ის?.” ნინო თევდორაძე - ”ტექსტის ლინგვისტიკა”. ”საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ”ტექსტის ლინგვისტიკა” მოიცავს ტექსტის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების კვლევასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსს. ტექსტის არსისა და სტრუქტურის განსაზღვრა მასში წარმოდგენილია თანამედროვე ლინგვისტური აზროვნების ფუნდამენტურ წყაროებზე -ენობრივი ნიშნის თეორიაზე, ენობრივი სისტემის დონეებრივ მოდელზე და კომუნიკაციის თეორიაზე - დაყრდნობით. სახელმძღვანელო განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, რომლებიც გადიან ტექსტის ლინგვისტიკის და ტექსტის ანალიზის სალექციო კურსებს.”
ნინო თევდორაძე - ”მხატვრული ტექსტის ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძვლები”(ინგლისურენოვანი) ”საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ”მხატვრული ტექსტის ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძვლები” განკუთვნილია ფილოლოგიური პროფილის სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. იგი მათ დაეხმარება შეძლონ თანამედროვე ლინგვისტური, ლიტერატურათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური კატეგორიალური სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ სისტემებზე დაყრდნობით მხატვრული ტექსტის კომპლექსური ანალიზი. სახელმძღვანელო, ასევე, დახმარებას გაუწევს ინგლისური ენის ღრმად შესწავლის მსურველ ნებისმიერ ადამიანს და მკითხველს, რომელიც ამავდროულად, დაინტერესებულია მხატვრული ტექსტის შესწავლის საკითხებით.” მირჩა ელიადე - ”მითის ასპექტები”. წიგნში ლაპარაკია თემებზე, როგორიცაა მითების სტრუქტურა, მითები და განახლების რიტუალები, ესქატოლოგია და კოსმოგონია, მითების სიდიადე და დეკადენსი და ა.შ. ზურაბ კიკნაძე - ”ანდრეზები” ”აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი-მთიანეთი, ხევი, თუშეთი) სამართლიანად ითვლება მითოლოგიური ზეპირი ტექსტების გავრცელების ძლიერ არეალად. ისინი აქ ერთიან სისტემას ქმნიან, მათი ადგილი ხალხის ყოფით და სულიერ ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული იყო წარსულში და დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსახლე მთიელებისათვის ეს ტექსტები, რომლებიც ადგილობრივ დიალექტზე ანდრეზებად იწოდება, საერთო წარსულის ხსოვნისა და აწმყოში კონსოლიდაციის ქმედითი საშუალებაა.”
დღეს ორშაბათია, შესაბამისად, ჩვენთან ”კვირის წიგნების კალათის” დღეა. ამ კვირის კალათაში სულ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები მოხვდნენ, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველ მიზეზი - წიგნების სიახლეა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ზუსტად გასული კვირის ბოლოს შემოიტანა ჩვენთან ეს წიგნები. თუმცა ჩვენი აზრით, მეორე მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია: უბრალოდ, ძალიან კარგი წიგნებია. ამაში დასარწმუნებლად მათი სურათები და წიგნის უკანა ყდაზე განთავსებული ანოტაციები დაგეხმარებათ.
პირველ რიგში ”კვირის წიგნების კალათისთვის” ლაშა ბუღაძის ახალი რომანი ”ლიტერატურული ექსპრესი” შევარჩიეთ. ეს წიგნი სულ ახალია, ხუთშაბათს სწორედ ”ლიგამუსში” გაიმართა მისი პრეზენტაცია. ”ლიტერატურული ექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერლის რომანია, საინტერესო სიუჟეტი აქვს და ხარისხიანდ არის გამოცემული, მოკლედ, ერთი შეხედვითვე იმის სურვილს გიჩენს, რომ კარგად მოკალათდე და წაიკითხო.
”ლიტერატურული ექსპრესი” ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალება ხდება, ზოგისთვის კი - საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენიერი ქალის დევნა ...”
შემდეგი წიგნი, რომელსაც ”მხატვრობა ბავშვებისათვის” ეწოდება, დაახლოებით სკოლის ასაკის ბავშვებისათვის არის განკუთვნილი, თუმცა იმდენად საინტერესოა, რომ შეიძლება უფროსებიც დაინტერესდნენ. ამაში ანოტაციის გაცნობის შემდეგაც დარწმუნდებით. ”შეასწავლეთ და შეაყვარეთ ბავშვებს ხელოვნება! წიგნი, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული 30-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ნახატი, სახვითი ხელოვნების პატარა მოყვარულებს მარტივად და საინტერესოდ ”უამბობს” მხატვრობის განვითარების საფეხურების, მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვრებისა და მუშაობის სტილის შესახებ. წიგნში მითითებული ინტერნეტბმულების დახმარებით, ”ახალბედა ხელოვნებათმცოდნეებს” საშუალება ექნებათ, თავად ჩაერთონ ნახატის შექმნის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინაში და შეავსონ სახალისო კითხვარები.”
”მხიარული სიტყვები” ძალიან კარგი წიგნია როგორც ბაღის, ასევე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. წიგნი თქვენს პატარებს არა მხოლოდ ინგლისურის, არამედ პირველ რიგში მშობლიური ენის შესწავლაში დაეხმარებათ. ”ეს ლამაზად გაფორმებული წიგნი უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს თქვენს პატარას და კითხვის სიყვარულს ჩაუნერგავს. ყველაზე პატარები გაიხარებენ მათთვის ნაცნობი საგნების მოძებნით და სახელების წარმოთქმით, ხოლო მათ, ვინც ინგლისურს სწავლობს, წიგნი ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმაში და გამოუმუშავებს ლიქსიკონით მუშაობის უაღრესად საჭირო ჩვევას.”
ტოპო-ტიპი პატარებს უკვე ძალიან უყვართ და მათ ძალიან გაუხარდებათ პატარა თაგუნას ახალი ისტორიის გაცნობას. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთი რამ გაახარებთ. წიგნს განსხვავებული ფორმატი აქვს და მუყაოს გვერდები ბევრად უფრო მოსახერხებელია ბავშვებისთვის.
”იცით, ტოპო-ტიპმა რამდენი რამე ისწავლა? მშობლებს ეხმარება და არც მეგობრებს ტოვებს გასაჭირში. თამაშიც ძალიან უყვარს და ფაფებსაც გემრიელად მიირთმევს. მოისმინე ძილის წინ პატარა თაგუნას თავგადასავლები და ტკბილად დაგეძინება. თან ფერად სიზმრებსაც ნახავ... ძილი ნებისა!” ”კვირის წიგნების კალათის” ბოლოს კი გემრიელი ლუკმა მოვიტოვეთ! ”კულინარია დამწყებთათვის” იმდენად ლამაზი, მარტივად ახსნილი და გემრიელი რეცეპტებისგან შედგება, რომ მისი ყიდვისგან თავის შეიკავება შეუძლებელია. ”აქამდე სამზარეულოში არ შეგიხედავთ და მხოლოდ სხვის მიერ მომზადებულ საჭმელს მიირთმევთ? ჯერ კიდევ არ არის გვიან! ამ წიგნში თავმოყრილი მარტივი რეცეპტები და სასარგებლო რჩევები სასურველი წვნიანისა თუ სალათის მომზადების პროცესს გაგიადვილებთ და უგემრიელესი კერძებისა და ნამცხვრების მომზადებას გასწავლით. დაეუფლეთ ხელოვნებას და გააოცეთ თქვენი ოჯახის წევრები!”
იმედია მოგეწონათ ჩვენი ”კვირის წიგნების კალათა”. კალათა მომავალ ორშაბათს ახალი წიგნებით შეივსება!